გერმანიამ ბერლინის ტიერგარტენის პარკში ჩეჩენი ყოფილი საველე მეთაურის, საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიება დაასრულა.
გერმანიის ფედერალური პროკურატურა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ზელიმხან ხანგოშვილი 56 წლის რუსმა ვადიმ კ.-მ მოკლა.
პროკურატურა ბერლინის უზენაეს სასამართლოში ბრალდებულისთვის უვადო პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
გენერალურმა პროკურორმა ნიკოლაუს ფორშნერმა განაცხადა, რომ პოლიტიკურად მოტივირებული მკვლელობა რუსეთის სამთავრობო უწყებების ბრძანებით განხორციელდა და ბრალდებული ვადიმ კ. დაკავშირებულია რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებული ბერლინში ვადიმ სოკოლოვის სახელზე რეგისტრირებული ყალბი პასპორტით საფრანგეთისა და პოლონეთის გავლით ჩავიდა.
ამასთან, ბრალდებული ნახეს თვითმხილველებმა, გადაიღეს სათვალთვალო კამერებმა და მისი მარშრუტი აღადგინეს ტელეფონში ნაპოვნი SIM ბარათის გამოყენებით.
სასამართლო პროცესი დაახლოებით 14 თვეა გრძელდება და ამ ხნის განმავლობაში თითქმის 50 მოწმე დაიკითხა. საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას წლის ბოლომდე მოელიან.
ხანგოშვილის მკვლელობის საქმე
გერმანიის გენერალური პროკურატურის განცხადებით, რუსეთის სახელისუფლებო ორგანოების დაკვეთით ჩადენილი მკვლელობის მოტივი იყო ის, რომ ხანგოშვილი რუსეთის ფედერალური ჯარების წინააღმდეგ იბრძოდა ჩეჩენი სეპარატისტების მხარეს, 2008 წელს კი საქართველოში მეომრები შეკრიბა რუსეთის არმიის წინააღმდეგ საბრძოლველად სამხრეთ ოსეთში.
გამოცემა deutsche welle წერდა, რომ ამ საქმემ, როგორც მანამდე სკრიპალებისა და შემდგომ ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმეებმა, ბერლინს ეჭვი გაუძლიერა, რომ რუსეთის ხელისუფლება თავის ოპონენტებს არამართლზომიერად სჯის.
საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. მას ველოსიპედით მიმავალმა ქილერმა ქუჩაში ესროლა. ხანგოშვილი ადგილზე გარდაიცვალა.
ეს ხანგოშვილზე მეორე თავდასხმა იყო. 2015 წლის 28 მაისს თბილისში ჩაცხრილეს ავტომობილი, რომელშიც ის იმყოფებოდა. ხანგოშვილი სერიოზულად დაიჭრა. მკურნალობის დასრულებისთანავე მან საქართველო დატოვა.
ზელიმხან ხანგოშვილი 2012 წელს საქართველო-რუსეთის საზღვართან მდებარე სოფელ ლაფანყურის სპეცოპერაციაში შუამავალი იყო. სწორედ ამ სპეცოპერაციას დაუკავშირეს ხანგოშვილის ახლობლებმა 2015 წელს მომხდარი თავდასხმა.
ხანგოშვილის მკვლელობამ ბერლინსა და მოსკოვს შორის დიპლომატიური დაძაბულობა წარმოშვა. იმის გამო, რომ მოსკოვი უარს აცხადებს ბერლინის დახმარებაზე მკვლელობის გამოძების საქმეში, გერმანიის საგარეო უწყებამ ორი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა.
ბერლინის საპასუხოდ, რუსეთის საგარეო უწყებამ ორი გერმანელი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.