"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეხმიანება ისტორიის სახელმძღვანელოს ირგვლივ არსებულ დისკუსიას და აცხადებს, რომ "უახლესი ისტორიის სახელმძღვანელოში საქმე გვაქვს მარტივი ფაქტების კონსტანტაციასთან. ეს ფაქტები არის მაქსიმალურად ლაკონურად და მოკრძალებულად ციტირებული".
კობახიძის განცხადებით, სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ვიხილეთ სიცრუის ტირაჟირების მცდელობა.
მისივე თქმით, სახელმძღვანელოს აკლია მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილი არის კრიმინალი პრეზიდენტი და აუცილებლად უნდა დაემატოს.
"ერთი რამ ნამდვილად აკლია ამ სახელმძღვანელოს. აკლია მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის პირობებში 9 წლის განმავლობაში საქართველოში ჩამოყალიბებული იყო უმძიმესი ავტორიტარული რეჟიმი, რომლის შედეგებიც იყო ადამიანის უფლებების სისტემური ხელყოფა, წამება, ადამიანების მიმართ არაადამიანური მოპყრობა, ბიზნესის რეკეტი და ა.შ. ეს ყველაფერი ნამდვილად აკლია ამ სხელმძღვანელოს და მე ვფიქრობ, ეს ყველაფერი სამომავლოდ სახელმძღვანელოში არის შესატანი და ასევე აკლია მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილი არის კრიმინალი პრეზიდენტი, რომლის დანაშაული აღიარებული იქნა ქართული მართლმსაჯულების მიერ. მე ვფიქრობ, რომ ასეთი ჩანაწერები ამ სახელმძღვანელოს აუცილებლად უნდა დაემატოს, ეს იქნება მარტივი ფაქტების კონსტატაცია.
რაც შეეხება ომის საკითხს, აქაც ძალიან ლაკონურად და მოკრძალებულად არის გაშლილი ეს თემა. უმარტივესი ფაქტების დონეზე. მე შეგახსენებთ, თავად "ნაცმოძრაობა" რას აწერდა თავის დროზე ხელს. მათ შორის საუბარი მაქვს ევროსაბჭოს რეზოლუციაზე, სადაც ქართველ სამხედროებს დააბრალეს ომის დაწყება, ამას ხელი მოაწერა "ნაცმოძრაობამ". ასევე შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის 2008 წლის აგვისტოს ბრძანებულებას, სადაც საუბარია სწორედ იმაზე, რომ სეპარატისტების მხრიდან იყო გახსნილი ცეცხლი, რასაც 8-ში მოჰყვა ქართული საჯარისო შენაერთების მოქმედება. ეს წერია პრეზიდენტის ბრძანებულებაში. ეს წერია ევროსაბჭოს რეზოლუციაში, რომელსაც ხელი მოაწერა "ნაცმოძრაობამ" და ასეთ დროს, როდესაც ისინი ცდილობენ მარტივ ფაქტებთან დაკავშირებით სიცრუის ტირაჟირებას და პროპაგანდის ამაზე აგებას, ეს არის რა თქმა უნდა, მორიგი წარუმატებელი მცდელობა იმიტომ, რომ ტყუილი მიჰყიდონ საზოგადოებას, რაც მათ რა თქმა უნდა არ გამოუვათ.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, აქ საუბარია რომ ბიძინა ივანიშვილი არის მეცენატი, ქველმოქმედი და ესეც არის უმარტივესი ფაქტის კონსტატაცია. ბიძინა ივანიშვილს 3 მილიარდი აქვს მარტო ქველმოქმედების სახით დახარჯული საქართველოში და ის ადამიანები, რომლებიც ჩადიოდნენ უამრავ დანაშაულს სწორედ მათ შორის კორუფციის და ყაჩაღობის კუთხით და მე ვფიქრობ 3 მილიარდ დოლარზე ბევრად მეტიც აქვთ მათ მიტაცებული როგორც სახელმწიფოსგან, ასევე კონკრეტული ადამიანებისგან. ეს ადამიანები და მათი კუთვნილი ტელევიზიები დღეს აგებენ პროპაგანდას იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელსაც 3 მილიარდი დოლარი თავისი ფული აქვს დახარჯული მარტო ქველმოქმედებაში. ესეც არის მორიგი მცდელობა, რომ სიმართლე თავდაყირა დააყენონ, თუმცა საზოგადოება ბუნებრივია ხედავს ყველაფერს და ამის მიხედვით გამოიტანს დასკვნას," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
ფოტო: Vano Shlamov/AFP