ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, მომავალი კვირიდან ენმ მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციებს გამართავს. ამის შესახებ ნიკა მელიამ "მთავარი არხის" ეთერში განაცხადა.
მელიას თქმით, სპეციალური ჯგუფი აქტიურად მუშაობს უცხოელ პარტნიორებთან და ისინიც უკვე დარწმუნდნენ, რომ ოპოზიციის მიზანი ქვეყანაში მშვიდობიანი გზით, ცვლილებები და მიხეილ სააკაშვილის ტყვეობიდან დახსნაა.
"მომდევნო კვირიდან იქნება სხვადასხვა ქალაქებში, სხვადასხვა ფორმატით, სხვადასხვა სიმრავლით, სხვადასხვა სახისა და შინაარსის აქციები, ისევე როგორც თბილსიში. პარალელურად, ბევრი სხვა მიმართულებებით ვმუშაობთ. ეს ყველაფერი გამოჩნდება, შეუმჩნეველი ვერ დარჩება.
ვიღაცას კი არ ვეჯიბრები იმაში ვის მეტად უნდა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და ვის ნაკლებად. ჩემი მდგომარეობა წარმოიდგნეთ, პარტიის თავმჯდომარე და დამფუძნებელი არის ტყვეობაში. არავის არ ვეჯიბრები, მაგრამ ის პრეტენზია მაქვს, რომ ერთ ერთი ვარ, ვისაც უნდა რომ ადამიანი იყოს დახსნილი. პასუხისმგებლობაც მაქვს და ვიცი მე, როდის შეიძლება არაძალადობრივი, მწვავე საპროტესტო აქციების გამწვავება, რომელიც შედეგზე ორიენტირებული იქნება" - ამბობს ნიკა მელია.