თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საახალწლო ბიუჯეტი დედაქალაქში დაგეგმილი სადღესასწაულო ღონისძიების მასშტაბით განისაზღვრება.
როგორც კალაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, წლევანდელი ღონისძიებები, რომელიც ღია სივრცეში გაიმართება, ყველა ასაკის ადამიანზეა გათვლილი.
„შარშან, საერთოდ არ გვქონდა საახალწლო სოფელი, არსებული პანდემიიდანგამომდინარე, რადგან ძალიან მძიმე მდგომარება იყო. შარშანწინ კიდევ უფრო განსხვავებული რეალობა იყო. შესაბამისად, ბიუჯეტი წლების მიხედვით განსხვავებულია. შარშან ნაკლები იყო, შარშანწინ ცოტა მეტი იყო, წელს შარშანდელზე მეტია და ასე შემდეგ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა მედიასთან ასევე განმარტა, რატომ ვერ ცხადდება ტენდერი საახალწლო ღონისძიებების შესყიდვებზე.
„თუ თქვენ მეტყვით და მირჩევთ, რანაირად შეიძლება მაგალითად, მომღერლები ტენდერის საფუძველზე შევარჩიოთ, უდიდეს მადლობას გადაგიხდით. რა უნდა იყოს ტენდერის პირობები, რის მიხედვით შევარჩიოთ, პირველი თუ მეორე ხმის მიხედვით?“, – განაცხადა კახა კალაძემ.