დღეს საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმის ერთობლივი პროექტის "წარსულის რეკონსტრუქცია-ტრადიცია და ტრანსფორმაცია" პრეზენტაცია გაიმართება.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, პროექტი გულისხმობს საქართველოს ეროვნული მუზეუმის შუა საუკუნეების კოლექციების რე-ინსტალაციას.
ამავე წყაროს ცნობით, პროექტის მიზანია, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი შუა საუკუნეების კოლექციები გაერთიანდეს სრულიად განსხვავებული ერთიანი მხატვრული კონცეფციის ფარგლებში. ეს შესაძლებელს გახდის უფრო მკაფიოდ წარმოჩინდეს ქართული ქრისტიანული ხელოვნების გამორჩეული თვითმყოფადობა და მისი მნიშვნელობა მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის კონტექსტში.
ასეთი მასშტაბური ამოცანის საერთაშორისო სამუზეუმო სტანდარტის შესაბამისად განხორციელება პროექტში საერთაშორისო კვალიფიკაციის სხვადასხვა პროფილის ექსპერტთა ჩართვას, მათ კონსულტაციებსა და რეკომენდაციებს მოითხოვს.
ამ მიზნით, საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმს შორის იწყება უნიკალურ კოლაბორაცია. P
პროექტის ფარგლებში, მეტროპოლიტენ მუზეუმის წამყვან ექსპერტთა ჯგუფი ჰელენ ევანსის (მეტროპოლიტენ მუზეუმის ბიზანტიური კოლექციების მთავარი კურატორი), დანიელ კერშაუის (მეტროპოლიტენ მუზეუმის წამყვანი დიზაინერი) და ჟაკ სულთანიანის (მეტროპოლიტენ მუზეუმის წამყვანი რესტავრატორი) შემადგენლობით, რამდენიმე ვიზიტით ეწვევა საქართველოს, ჩაატარებს განსაკუთრებით დაზიანებული ექსპონატების გადაუდებელ ექსპერტიზას, განიხილავს და მონაწილეობას მიიღებს დასავლური სამუზეუმო სტანდარტის შესაბამისი ახალი სამეცნიერო-მხატვრული კონცეფციისა და საგამოფენო დიზაინის შემუშავებაში.
2011 წელს დაგეგმილია საქართველოს ეროვნული მუზეუმის უმდიდრესი კოლექციების მნახველთა ფართო აუდიტორიისთვის ახალ საგამოფენო დარბაზებში წარდგენა.
პროექტის პრეზენტაცია საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში 12.00 საათზე დაიწყება. (მისამართი: ფურცელაძის ქ. #1. ).
მასალის გამოყენების პირობები