აღიარებულია, რომ საქართველო უკვე მოქმედებს ფაქტობრივად, როგორც ნატოს წევრი ქვეყანა. ყოველწლიური სამოქმედო გეგმა, რომელიც ნატოში ინტეგრაციის კუთხით ჩვენი მთავარი მექანიზმია, ფაქტობრივად იგივეა, რაც გაწევრიანების გეგმა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გადაცემაში ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.
კითხვაზე თუ რა წერია ნატოს ანგარიშში საქართველოს, როგორც ასპირანტი ქვეყნის შესახებ, ზალკალიანმა განაცხადა, რომ მასში ჩვენი ქვეყნის მიმართ უაღრესად პოზიტიური შეფასებაა
"გამომდინარე იქიდან, რომ ეს ნატოს დახურული დოკუმენტია, ბუნებრივია, მეც არ მაქვს საშუალება, ღიად ვისაუბრო იმაზე, თუ რა წერია, მაგრამ შემიძლია ერთმნიშვნელოვნად გითხრათ, რომ არის ჩვენი ქვეყნის, საქართველოს მიმართ უაღრესად პოზიტიური შეფასება, როგორც წარმატებული ასპირანტი ქვეყნის, რომელიც თანმიმდევრულ ნაბიჯებს დგამს იმ პრაქტიკული ინსტრუმენტების შესრულების მიმართებით, რაც გვაახლოებს ნატოსთან. აღიარებულია, რომ საქართველო უკვე მოქმედებს ფაქტობრივად, როგორც წევრი ქვეყანა. ყოველწლიური სამოქმედო გეგმა, რომელიც ჩვენი მთავარი მექანიზმია ნატოში ინტეგრაციის კუთხით, ფაქტობრივად იგივეა, რაც გაწევრიანების გეგმა. ამიტომ, ყველა თანხმდება, რომ დარჩენილია მისაღები მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების მიღებაში ჩვენ უნდა დავეხმაროთ ჩვენს პარტნიორებს ჩვენი გააზრებული საგარეო თუ საშინაო პოლიტიკით", - განაცხადა ზალკალიანმა.
გუშინ, შვედეთში ეუთოს მინისტერიალი დაიწყო, რომლის ფარგლებში დავით ზალკალიანი მოხსენებით წარსდგა.