გერმანიაში ანგელა მერკელის გაცილების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.
ჩირაღდნებით გაჩახჩახებულ ღონისძიებაზე, ბუნდესვერი - გერმანიის ფედერალური შეიარაღებული ძალები, კანცლერ ანგელა მერკელს, რომლის მმართველობის 16-წლიანი ეპოქა იწურება, დაემშვიდობა.
ხუთშაბათს საღამოს გამართულ ღონისძიებაზე მოკლე გამოსვლისას მერკელმა მადლობა გადაუხადა გერმანელებს და მოუწოდა მათ ოპტიმისტურად იყვნენ განწყობილნი თავიანთი ქვეყნის მომავლის მიმართ.
"გერმანიის კანცლერობის თექვსმეტი წელი სავსე იყო მოვლენებით, ხშირად პოლიტიკურად და ადამიანურად ძალიან რთული მოვლენებით", - თქვა მან.
მისივე თქმით, მრავალრიცხოვანმა კრიზისებმა მსოფლიოს კიდევ ერთხელ აჩვენა გამოწვევებთან გამკლავების საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობა.
კანცლერმა დასძინა, რომ "განსაკუთრებით პანდემიის ბოლო ორმა წელმა აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ნდობა პოლიტიკური ლიდერების, მეცნიერებისა და საჯარო დისკურსის მიმართ".
მერკელის თქმით, დემოკრატია დაფუძნებულია ნდობაზე, სოლიდარობაზე, ერთმანეთის მოსმენასა და ფაქტებზე.
"მინდა მოგიწოდოთ, რომ მომავალში სამყაროს სხვა ადამიანების პერსპექტივიდანაც შეხედოთ", - დასძინა მან.
დღევანდელი ღონისძიება ყველაზე მაღალი დონის ცერემონიაა, რომელსაც სამხედროები სამოქალაქო პირისთვის პატივის მისაგებად მართავენ.
გერმანული მედიის ცნობით, ეროვნული ჰიმნის შემდეგ, ჯარისკაცები დაფდაფების ხმის ფონზე დაემშვიდობნენ კანცლერს და დაასრულეს გერმანიის ისტორიის კიდევ ერთი თავი.
გერმანიის ბუნდესტაგი მომავალ კანცლერს, რომელიც დიდი ალბათობით სოციალ-დემოკრატი ოლაფ შოლცი იქნება, 8 დეკემბრის სხდომაზე დაამტკიცებს.