როდესაც ხელისუფლებას ესე თავს გაუვა და გადაიმხობს თავზე ყველაფერს, ზუსტად მაშინ იწყება ხელისუფლების ჩამოშლა და განადგურება და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ხელისუფლებას ძალიან დიდი დრო ნამდვილად არ უწერია, - განაცხადა პარტია "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში.
ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე, ანუ ხელისუფლება ახლა ჩამოშლის ეტაპზეა? - ბურჯანაძე პასუხობს:
"ჩამოშლა ზოგიერთს ჰგონია, რომ მაინცდამაინც ჯგუფ-ჯგუფად უნდა გამოვიდნენ ადამიანები და დაგმონ მოქმედი ხელისუფლება, რომ ჩამოშლა დაერქვას. ეს არ არის აუცილებელი. ჩამოშლა არის ის, როდესაც შენ ქვეყანაში გაქვს ასეთი მძიმე პოლიტიკური კრიზისი, როდესაც გაქვს უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი, როდესაც მთელი მსოფლიო გეუბნება იმას, რომ გააჩერე მოსამართლეების დანიშვნის პროცესი და შენ ამ დროს ნიშნავ მოსამართლეს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ ნიშნავ ადამიანს, რომელმაც 11 წელი მიუსაჯა კაცს, 11 წელი მოიხადა ამ კაცმა და მერე აღმოჩნდა, რომ ტყუილად ჰქონდა მისჯილი, გამართლდა ეს კაცი. ამაზე მეტი რა უნდა იყოს?".