დღეს, 18 ნოემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის ნაჩვენები იქნება ანტინარკოტიკული თემატიკის ფილმი, რომლის ჩვენების შემდეგ ჩატარდება ტრენინგი თემაზე - "ნარკომანია და შიდსის პრევენცია".
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუ-ის სტუდენტური მოძრაობის ორგანიზებით, "სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის" ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პარტნიორობით, პროექტ "ანტინარკოტიკული კვირეულის" პრეზენტაცია 16 ნოემბერს გაიმართა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის მცირე სააქტო დარბაზში ჩატარდა საჯარო ლექცია სასულიერო პირების მონაწილეობით. საჯარო ლექცია წაიკითხა თაბორის მთის მამათა მონასტრის წინამძღვარმა მამა ბართლომემ.
პროექტის მიზანია აქტიური პროპაგანდა გაუწიოს სტუდენტებში ანტინარკოტიკულ განწყობას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, მეტი ინფორმაცია გაავრცელოს სტუდენტებში ნარკოტიკული საშუალებების მავნებლობისა და უარყოფითი მხარეების შესახებ.
17 ნოემბერს, 13:00 საათიდან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე პროექტის ორგანიზატორმა სტუდენტებმა ანტინარკოტიკული ფლაერები დაარიგეს.
გარდა ამისა, კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებების ჩატარება:
19-20 ნოემბერს, 12:00 საათიდან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სპორტულ დარბაზში გაიმართება მინიფეხბურთის ტურნირი.
22 ნოემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსტეტის ადმინისტრაციული კორპუსის შეხვედრების ოთახში ჩატარდება ტრენინგი თემაზე - "ნარკოსიტუაცია საქართველოში".
22 ნოემბერს, 15:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსტეტის ადმინისტრაციული კორპუსის შეხვედრების ოთახში გაიმართება საჯარო ლექცია ფსიქოლოგების მონაწილეობით.
23 ნოემბერს, 13:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსიდან 1-ლი კორპუსის მიმართულებით გაიმართება მარათონი სტუდენტების მონაწილეობით.