დაგვიძახე და რატო დაგვშალეო? და მაპატიეთ რა, შტურმისკენ უნდა წაგიყვანოთ? არ წაგიყვანთ შტურმისკენ, ამ პასუხისმგებლობას არ ავიღებ, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ "მთავარი არხის" ეთერში განაცხადა.
"როცა გჯერა რას აკეთებ და იცი, რომ ეს არის შედეგზე ორიენტირებული, დიახაც, დარწმუნებული ვარ, რომ უნდა აკეთო. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მცირე ჯგუფს არ მოსწონდეს.
დაგვიძახე და რატო დაგვშალეო? და მაპატიეთ რა, შტურმისკენ უნდა წაგიყვანოთ? არ წაგიყვანთ შტურმისკენ, ამ პასუხისმგებლობას არ ავიღებ, არ ვასროლინებ ჩემი ერთი განცხადებით უამრავ სპეცრაზმელს ტყვიას, რომელიც ჩვენს ბევრ მეგობარს შუბლში მოხვდება. არ ვასროლინებ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რეჟიმის დამარცხების სხვა გზა არ არსებობს", - თქვა ნიკა მელია.
ამასთან, მელიას თქმით, ისტორიული გამარჯვებები 2, 3 და 4 აქციით არ სრულდება. აქციების პიკი დადგება და ამისათვის საპროტესტო მოძრაობა უნდა იყოს მზად.
"უნდა გვესმოდეს, რომ ისტორიული, დიდი გამარჯვებები, მითუმეტეს, მართლაც ისტორიული ფიგურის ტყვეობიდან დახსნის პროცესიც ორი, სამი და ოთხი საპროტესტო აქციით არ სრულდება. ჩვენ უნდა შევეჩვიოთ, რომ თითოეული მოქალაქის საპროტესტო აქციაში მართლაც პერმანენტულად მონაწილეობა არის ყველაზე დიდი საწინდარი მალე წარმატების მიღწევისა.
საპროტესტო აქციების პიკი დადგება და ამ პიკისთვის საპროტესტო მოძრაობა უნდა იყოს მზად. იმისათვის, რომ რეჟიმმა არაძალადობრივი, შენს მიერ გადადგმული ნაბიჯებით ვეღარ გაგიძლოს. ამას არ ვმალავ. ამ პიკისთვის, დიახაც, ჩვენ უნდა ვემზადოთ. ამისათვის მნიშვნელოვანია ბევრი მუშაობა და ნაკლები წუწუნი, - ამბობს ნიკა მელია.