„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, მწერალთა სახლის ორგანიზებითა და საბერძნეთსა და მექსიკაში საქართველოს საელჩოებთან პარტნიორობით, საქართველო პირველად მონაწილეობდა გვადალახარასა და თესალონიკის წიგნის საერთაშორისო ბაზრობებზე.
ორივე ბაზრობის ფარგლებში, გაიმართა არაერთი შეხვედრა, დისკუსია და დაიგეგმა სამომავლო პროექტები.
თესალონიკის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე გაიმართა ლაშა ბუღაძის რომან „ლიტერატურული ექსპრესისა“ და პაატა შამუგიას „შიზოგადოების“ ბერძნულენოვანი თარგმანების პრეზენტაცია და შეხვედრა მკითხველთან.
შედგა შეხვედრა ბერძენ გამომცემლებთან, რომლებსაც თანამედროვე ქართული ლიტერატურა გააცნეს. ასევე, გაიმართა სპეციალური შეხვედრა დაინტერესებული საზოგადოებისთვის, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების გასაცნობად.
ფესტივალის ფარგლებში, გაიმართა ლაშა ბუღაძისა და პაატა შამუგიას შეხვედრა საბერძნეთში მცხოვრებ ქართულ დიასპორასთან. ასევე, მწერალთა სახლმა, თესალონიკის გენერალურ საკონსულოს, საჩუქრად გადასცა ფესტივალის სტენდზე წარმოდგენილი ყველა ქართულენოვანი წიგნი.
„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალქისა“ და მწერალთა სახლის წარმომადგენლები, შეხვდნენ საბერძნეთის გამომცემელთა ასაოციაციის, ბიბლიოთეკების გაერთიანებისა და საბერძნეთის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელებს. საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ეგიდით, მომავლი წლის გაზაფხულზე, დაიგეგმა ქართული ლიტერატურის კვირეული და მონაწილეობა ათენის წიგნის ბაზრობაზე. ასევე, საქართველომ მიიღო თესალონიკის წიგნის ბაზრობის საპატიო ქვეყნის სტატუსის შემოთავაზება.
გვადალახარას წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე, საქართველო ეროვნული სტენდითა და ლიტერატურული პროგრამით იყო წარმოდგენილი. გაიმართა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა. „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორი, ნინია მაჭარაშვილი მონაწილეობდა იუნესკოს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში, რომელიც წიგნის მსოფლიო დედაქალაქებს შეეხებოდა.
შეხვედრისას განიხილეს, როგორც მთარგმნელობითი, ისე სარეზიდენციო პროგრამების განხორციელების შესაძლებლობა, რაც ქართულ მწერლობას უდიდესი ესპანურენოვანი ბაზრისკენ გაუხსნის გზას.
გაიმართა შეხვედრა დათო ტურაშვილის, ანა კორძაია-სამადაშვილისა და არჩილ ქიქოძის მონაწილეობით, რომლებმაც თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე ისაუბრეს, ხოლო ესპანურენოვანი გამომცემლებისთვის ორგანიზებულ შეხვედრაზე, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორის მოადგილე, ნინო კიკნაძემ, მწერალთა სახლის დირექტორმა, ნატა ლომოურმა და დათო ტურაშვილმა, მათ თანამედროვე ქართული ლიტერატურა გააცნეს.
„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი.