2010-2011 სასწავლო წელს საატესტატო გამოცდები პირველად საქართველოში კომპიუტერის მეშვეობით, ე. წ. ,,CAT"-ის ტიპის საგამოცდო მოდელით ჩატარდება. დღეს ამ საგამოცდო მოდელის პრეზენტაცია გაიმართა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა თბილისის სკოლების 200-მდე მეთორმეტეკლასელს ელექტრონული საგამოცდო ტესტის ნიმუში წარუდგინეს და საატესტატო გამოცდებთან დაკავშირებით მოსწავლეთა შეკითხვებს უპასუხეს.
სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრი ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრთან ერთად, საგამოცდო მასალათა ბაზის შექმნაზე მუშაობს, მასში შემავალი საკითხები, სირთულის მიხედვით, რამდენიმე (7-10) კატეგორიად იყოფა. დასაწყისში აპლიკანტს საშუალო სირთულის საკითხები ეძლევა, გაცემული პასუხებით პროგრამა ცოდნის დონეს აფასებს და იღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელი კატეგორიიდან მიეცეს აპლიკანტს შემდეგი საკითხები.
საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გამოცდა თითოეულ საგანში ერთსა და იმავე დღეს ჩატარდება. საგამოცდო პროცესის დამთავრებისთანავე ცნობილი გახდება გადალახა თუ არა აპლიკანტმა კონკრეტული საგნისათვის დადგენილი კომპეტენციის მინიმალური ზღვარი, რომელიც შესაძლებლობების სკალის კონკრეტული ნიშნულით გამოისახება და არა ნიშნით. კომპიუტერული პროგრამის შეფასება არ აისახება მოსწავლეს წლიური ნიშანზე, იგი დარჩება უცვლელი.