განათლების მინისტრ დიმიტრი შაშკინის განცხადებით, მოსწავლეებთან საურთიერთოდ მას "გაურკვეველი არასამთავრობო ორგანიზაციების" სახით შუამავალი არ სჭირდება.
ამის შესახებ შაშკინმა, დღეს, განათლების სამინისტროში, მე-12 კლასელებთან შეხვედრისას განაცხადა.
"მე ყოველდღე დავდივარ თბილისის საჯარო სკოლებში, ვეცნობი მე-12 კლასელების პრობლემებს, ასევე ვაწვდი მათ დეტალურ ინფორმაციას საატესტატო გამოცდებთან დაკავშირებით. ასე, რომ არანაირი საჭიროება, გაურკვეველი ორგანიზაციები ჩაერთონ ამ საქმეში, არ არსებობს", - განაცხადა შაშკინმა.
ამასთან მინისტრმა გარკვეული პოლიტიკური პარტიები საკუთარი მიზნების მისაღწევად მოსწავლეების გამოყენებაში დაადანაშაულა და აღნიშნულს "ამორალობა" უწოდა.
"მოსწავლეების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ამორალობაა. ამას ის პარტიები აკეთებენ, რომლებსაც მომავალი არ აქვთ. მინდა ვთხოვო ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ ნუ გამოიყენებენ მოსწავლეებს პოლიტიკური მიზნებისათვის, რადგან სკოლა არის სრულიად აპოლიტიკური ინსტიტუტი", - განმარტა შაშკინმა.
შეგახსენებთ, რომ მე-12 კლასელები იმ 8 საატესტატო გამოცდის გაუქმებას ითხოვენ, რომლის ჩაბარებაც მათ წლის ბოლოს მოუწევთ.