პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური მარნეულში იმყოფებოდა. ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელმა მარნეულში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა.იგი მოსახლეობას მარნეულის მეჩეთში შეხვდა. ამ დღესთან დაკავშირებით, მარნეულში სოციალურად დაუცველ 500-მდე ოჯახს ხორცი და ტკბილეული გადაეცა. "მარნეულში ბოლო პერიოდში ბევრი რამ გაკეთდა: მოხდა სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია, დაიგო გზები, აშენდა ახალი სპორტული კომპლექსი", - განაცხადა გილაურმა. აღსანიშნავია, რომ მას მარნეულის მოსახლეობამ ყურანი უსაჩუქრა. შეგახსენებთ, რომ ყურბან-ბაირამი უძველესი მუსლიმანური დღესასწაულია და მას საქართველოში მცხოვრები მუსლიმანები წელიწადის სხვადასხვა დროს, მთვარის კალენდრის მიხედვით აღნიშნავენ. ყურბან-ბაირამი სამი დღის განმავლობაში აღინიშნება.
მასალის გამოყენების პირობები