ცალსახად ვემხრობი იმას, რომ ნებისმიერი კოვიდგადატანილი არ იყოს მფლობელი მწვანე პასპორტის, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, "მწვანე პასპორტის" აუცილებელი პირობა, ვაქცინაციასა და PCR ტესტთან ერთად, ბოლო 6 თვეში გადატანილი კოვიდის სტატუსი უნდა იყოს.
"ცალსახად ვემხრობი იმას, რომ ნებისმიერი კოვიდგადატანილი არ იყოს მფლობელი მწვანე პასპორტის, რამეთუ ჩვენი და საერთაშორისო დაკვირვებით კოვიდის გადატანის შემდეგ იმუნიტეტი რჩება ექვსი თვის მანძილზე, შეიძლება ვიღაცას რჩება მეტი ან ნაკლები ხნით, მაგრამ საშუალოდ ექვსი თვე. სამედიცინო ჩვენებით გამართლებული იქნება, რომ მწვანე პასპორტის გაცემის აუცილებელი პირობა იყოს ვაქცინაციასთან ან „პისიარ“ ტესტთან ერთად არა ზოგადად კოვიდგადატანილის სტატუსი, არამედ ბოლო ექვს თვეში გადატანილი კოვიდის სტატუსი, როგორც ეს არის საზღვარგარეთ. რა გამოვა ახლა, საზღვარგარეთისთვის საქართველოს მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ერთი კოვიდპასპორტი, რადგან იქ ცალსახად წერია, რომ ბოლო ექვს თვეში გადატანილი იძლევა მწვანე პასპორტის უფლებას, ხოლო შიდა მოხმარებისთვის უნდა გვქონდეს სხვა პასპორტი, სადაც ნებისმიერ დროს გადატანილი კოვიდი იძლევა მწვანე პასპორტს. ბოდიშს ვიხდი იმ ადამიანების წინაშე, ვინც ოდესღაც გადაიტანა კოვიდი და პრეტენზია აქვს, რომ ჰქონდეს მწვანე პასპორტი, მაგრამ ეს იქნება თავის მოტყუება", - თქვა ცერცვაძემ.
საქართველოში მწვანე პასპორტის კონცეფციის ამოქმედება 1-ლი დეკემბრიდან იგეგმება. მწვანე სტატუსი პირს ენიჭება თუ არის სრულად ვაქცინირებული (ორი დოზით); აქვს გადატანილი კოვიდინფექცია; აქვს გაკეთებული 72-საათიანი ვალიდურობის pcr ტესტი; აქვს გაკეთებული 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენის სწრაფი ტესტი.
ამასთან, კოვიდგადატანილ ადამიანებს მწვანე სტატუსი მუდმივად ენიჭებათ.