გათავისუფლების კომიტეტი უნდა იყოს უფრო ფართო, ვიდრე რომელიმე პოლიტიკური პარტია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, აკაკი მინაშვილმა საინიციატივო ჯგუფთან დაკავშირებით სააკაშვილის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.
„გარდა პარტიული ადამიანებისა, პოლიტიკური ლიდერებისა, პარტიის აქტივისტებისა, ამ ჯგუფში უნდა ჩაერთონ და ჩაერთვებიან სხვა სახეები, რომლებსაც არ ჰქონიათ შეხება პარტიასთან“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.
შემდეგი კვირები ძალიან მნიშვნელოვანია. კონსოლიდაციას, პოლიტიკური მუხტის შენარჩუნებას, მრავალრიცხოვნებას და პრინციპულ და თავგადადებულ ბრძოლას თუ შევძლებთ, მივაღწევთ ყველაფერს და გავალთ სამშვიდობოს, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში, რომელიც მის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.
მიხეილ სააკაშვილმა 25 ნოემბერს მიმართვა გაავრცელა, რომელშიც და აღნიშნა, რომ უმჯობესი იქნება, მისი გათავისუფლების კამპანიაზე იმუშაოს საინიციატივო ჯგუფმა.
რათა გავფანტოთ სუს-ის მიერ ცირკულირებული სპეკულაციები, ასევე მანევრირებისთვის მეტი სივრცე და მთავარ საკითხზე კონცენტრაციის მეტი შესაძლებლობა დავუტოვოთ ოპოზიციურ პარტიებს, ვფიქრობ, უმჯობესი იქნება, ჩემს გათავისუფლების კამპანიაზე იმუშაოს საინიციატივო ჯგუფმა, რომელიც, ერთის მხრივ, გაითვალისწინებს ოპოზიციის გენერალურ პოლიტიკური ხაზს და, მეორეს მხრივ, კოორდინაციას გაუწევს მიმდინარე კამპანიას“, - წერია სააკაშვილის მიმართვაში.