უნდა ჩამოცილდეს პოლიტიკას მიხეილ სააკაშვილი, ხოლო ბიძინა ივანიშვილი უნდა გაასამართლოს საერთაშორისო ტრიბუნალმა - ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ტელეკომპანია "პირველის" ეთერში, გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.
მისი თქმით, სწორედ ამის შემდეგ დაიწყებს ქვეყანა ფეხზე დადგომას.
შალვა ნათელაშვილმა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, რამდენად სწორი იყო მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა, უპასუხა, რომ მთლად სწორი არ იყო, რადგან სააკაშვილი, როგორც ჩანს, საზოგადოების განწყობის შესახებ არასწორად იყო ინფორმირებული.
"რა თქმა უნდა, არ იყო მთლად სწორი. ის უნდა ჩამოსულიყო მაშინ, როდესაც ოპოზიცია ერთად იკრიბებოდა ჩვენთან, როდესაც პარლამენტი იყო ერთპარტიული, როდესაც წკიპზე იდგა ივანიშვილის საკითხი სანქცირების და ახლი არჩევნები, აი, მაშინ მიშას ჩამოსვლა დაამთავრებდა პროცესს. ახლა ჩამოვიდა არა იმ დროს და არა იმ ადგილას, არა იმ არჩევნების, მუნიციპალური არჩევნების დროს, როდესაც ვნებები არ არის ისე გაღვივებული და იმავდროულად, მე მგონია, რომ შეთანხმებული და კოორდინირებული ეს ჩამოსვლა არ იყო მის პარტიასთანაც კი. შესაბამისად, ეს განსხვავებული პოზიციები და ტაქტიკები ზედაპირულადაც კი გამოჩნდა.
მე მიმაჩნია, რომ ის არასწორად იყო ინფორმირებული საზოგადოების განწყობაზე. ალბათ უთხრეს, მე ვვარაუდობ, რომ ხალხი ელოდება, ერთი სული აქვს, რომ გამოჩნდეს და როგორც კი გამოჩნდება, ხალხი გამოვარდება და უცბად მოხდება რევოლუცია. მაგრამ დაავიწყდათ ამის მთქმელებს და თვითონ ალბათ მიხეილ სააკაშვილსაც, რომ ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შედიან. რევოლუციებს ვერ ატარებენ წინა რევოლუციის მომხდენები. ბონაპარტე ნაპოლეონმაც კი ვერ შეძლო მეორედ მოსვლა ტახტზე, მიუხედავად იმისა, რომ პარიზში დაბრუნდა და სამ თვეში იძულებული გახდა, რომ გაქცეულიყო ოკეანეში და დააკავეს ინგლისელებმა. მესია მეორედ არ მოდის. ბონაპარტიზმი მეორედ არ ხდება, ამიტომ უნდა გაიგოს ეს მიშა სააკაშვილმაც, რომ ამერიკის პრეზიდენტებიდან არცერთი არ დაბრუნებულა მეორედ პრეზიდენტად, არც დე ფაქტოდ და არც დე იურედ. აბა, საფრანგეთის რომელი პრეზიდენტი დაბრუნდა მეორედ? უნდა ჩამოცილდეს პოლიტიკას მიხეილ სააკაშვილი, ხოლო ბიძინა ივანიშვილი უნდა გაასამართლოს საერთაშორისო ტრიბუნალმა იმ ვერაგობისათვის, იმ ტრანსნაციონალური კრიმნალობისათვის, იმ ქვეყნის დანგრევისათვის, იმ ქვეყნის გადახვნისა და გადაპარსვისათვის, რაც ჩაიდინა მან და მისმა ბანდამ. აი, ეს ყველაფერს გაასწორებს და ყველაფერს დააყენებს ფეხზე", - თქვა ნათელაშვილმა.