„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, ოპოზიცია ვადამდელი, სრულად პროპორციული არჩევნების საკითხის ირგვლივ უნდა გაერთიანდეს.
მისი თქმით, ცვლილებები ერთადერთი გამოსავალია, რომელსაც წინ ვერაფერი დაუდგება.
„მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის გარშემოც ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს, არის ვადამდელი, სრულად პროპორციული არჩევნები. საზოგადოების თითოეულმა წარმომადგენელმა ეს ყველაფერი ძალიან კარგად და სწორად უნდა გაიგოს, თუ რატომ ითხოვს განსხვავებული, მრავალფეროვანი ოპოზიციური სპექტრი ვადამდელ, სრულად პროპორციულ არჩევნებს და დაბალ ბარიერს. ცვლილებები არის ერთადერთი გამოსავალი. საზოგადოება ძალიან მალე მიხვდება, რომ მხოლოდ ერთობითაა შესაძლებელი კოლექტიური პრობლემების გადაჭრა, რომელიც ყველას, თქვენც, მეც და ყველა ადამიანს აწუხებს.
ასევე, საზოგადოება დარწმუნდება, რომ ვადამდელი, სრულად პროპორციული არჩევნები არ გულისხმობს რომელიმე ცალკე აღებული პოლიტიკური პარტიის, ორი ან სამი პარტიის ხელისუფლებაში მოსვლას. ეს არის ამოცანა, რომლის შესრულებისთვის იბრძვის არა ნაწილი ან მთლიანი ოპოზიციური სპექტრი, არამედ ეს არის ერთადერთი გზა, რომ წუმპედან ამოვიდეს სახელმწიფო და გაუსაძლისი აწმყო, საქართველოს თითოეული მოქალაქის ყოფა შეიცვალოს კეთილდღეობით. მერწმუნეთ, ცვლილებებს წინ ვერაფერი დაუდგება.
დაახლოებით როგორი კონსოლიდაცია და ერთობა მაქვს მხედველობაში? ისეთი, როგორიც რამდენიმე დღის წინ სახეზე იყო, როდესაც საქართველოს განსხვავებული მოქალაქეები, თავის პოლიტიკურ შეხედულებებშიც კი განსხვავებულები, ყველა დადგა და ერთხმად თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი და ელენე ხოშტარია არ უნდა მოკლას რეჟიმმა. სულ უფრო და უფრო ცხადი ხდებოდა ეს ხმა. იქ, სადაც სიმართლე იყო და არ იყო თვალთმაქცობა, მთელი ერი გაერთიანდა. სწორედ ეს მოხდება უახლოეს პერიოდში“, – განაცხადა ნიკა მელიამ, რომლის თქმითაც, სამოქმედო სტრატეგიასთან დაკავშირებით კონკრეტულ გეგმას კვირის ბოლოს წარადგენს.