მე რა თქმა უნდა, მტკიცებულებები არ მაქვს და არ ვიცი როდის მიიღო ხელისუფლებამ ოფიციალური დოკუმენტი სტრასბურგის სასამართლოსგან, თუმცა ვვარაუდობ, რომ მათ იცოდნენ, რომ სტრასბურგის სასამართლო ემზადებოდა მეორე, დროებითი ღონისძიების გამოსაცემად, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ სტრასბურგის სასამართლოს მიერ სააკაშვილთან დაკავშირებით მეორე დროებითი ღონისძიების გამოცემის თაობაზე განაცხადა.
სახალხო დამცველის თქმით, სავარაუდოდ, ხელისუფლებამ მიხიელ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო, რადგან იცოდა, რომ სასამართლო დროებითი ღონისძიებისთვის ემზადებოდა.
"მე რა თქმა უნდა, მტკიცებულებები არ მაქვს და არ ვიცი როდის მიიღო ხელისუფლებამ ოფიციალური დოკუმენტი სტრასბურგის სასამართლოსგან, თუმცა ვვარაუდობ, რომ მათ იცოდნენ, რომ სტრასბურგის სასამართლო ემზადებოდა მეორე, დროებითი ღონისძიების გამოსაცემად. იმიტომ, რომ მხარეს როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში სააკაშვილის ადვოკატებს წარდგენილი ჰქონდა სასამართლოში სახალხო დამცველის ექსპერტების მიერ გაცემული დასკვნა. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ მაღალია ალბათობა იმისა, რომ მათ რეალურად ეს გადაწყვეტილება მიიღეს, იმიტომ, რომ იცოდნენ, რომ სასამართლო დაეყრდნობოდა ამ ექსპერტიზის გადაწყვეტილებას",- თქვა ნინო ლომჯარიამ.
სახალხო დამცველმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროპულმა სასამართლომ, 19 ნოემბერს დროებითი ღონისძიება გამოსცა და ომბუდსმენის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაზე მითითებით სახელმწიფოს მიხეილ სააკაშვილის ადეკვატური მკურნალობა დაავალა.
იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან ოფიციალური წერილი სამინისტრომ 19 ნოემბრის საღამოს, მას შემდეგ მიიღო, რაც იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა.