ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის კობა სუბელიანის განცხადებით, სახალხო დამცველის რეკომენდაციებს "აუცილებლად გაითვალისწინებს".
"ომბუდსმენის შენიშვნებს ძირითად ნაწილში ვეთანხმები და მათ აუცილებლად გავითვალისწინებ", - განუცხადა სუბელიანმა ჟურნალისტებს.
ამასთან, მინისტრი გიორგი ტუღუშის აპარატის მიერ მომზადებულ ანგარიშთან დაკავშირებით კმაყოფილებასაც გამოთქვამს და აცხადებს, რომ სახალხო დამცველმა სწორად შეაფასა დევნილთა დახმარების კუთხით ხელისუფლების მიერ განხორციელებული სამუშაოებიც.
"მართლა ძალიან ბევრი რამ გაკეთდა. ისეთი მასშტაბის სამუშაოები, რომ მასზე იძულებით გადაადგილებული პირები ოცნებასაც კი ვერ ბედავდნენ", - განმარტა სუბელიანმა.
შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარადგინა.
ანგარიშში მთლიანად არის აღწერილი საქართველოს ტერიტორიაზე დევნილთა მდგომარეობა. ტუღუშის განცხადებით, ამ ანგარიშში არის გაწერილი საკითხები იმის შეახებ, თუ რა არის გასაკეთებელი ქვეყანაში დევნილთა უფლებების და მათ სოციალ-ეკნომიკური აგრეთვე საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად.
ამასთან, გიორგი ტუღუშის განცხადებით, მიმდინარე ანგარიში ხელისუფლების მიმართ საკმაოდ ბევრ რეკომენდაციას და კრიტიკას შეიცავს.
ანგარიშზე სახალხო დამცველის აპარატი 6 თვის განმავლობაში მუშაობდა. მის განხილვას და პრეზენტაციას სასტუმრო "რედისონში" არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანი ესწრებოდნენ.