შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ინიციატივით დაგეგმილ დემოკრატიის სამიტში საქართველოს სახელით პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღებს მონაწილეობას.
მანამდე ცნობილი იყო, რომ დემოკრატიის სამიტში მონაწილეობას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიღებდა მონაწილეობას.
დღეს, 22 ნოემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე კი ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სამიტზე მოსაწვევი პრეზიდენტმა ზურაბიშვილმაც მიიღო და მონაწილეობას ის მიიღებს.
„ახლა უკვე ჩვენ მივიღეთ ოფიციალური მოსაწვევიც, ქალბატონ პრეზიდენტის სახელზეც და ჩვენი გადაწყვეტილებით, ქალბატონი პრეზიდენტი მიიღებს მონაწილეობას ჩვენი ქვეყნის სახელით აღნიშნულ დემოკრატიის სამიტზე, რომელიც 10 დეკემბერს გაიმართება. ამას გარდა, 1-2 დეკემბერს, ნატოს მინისტერიალზე მიიწვიეს საქართველო და ჩვენს ქვეყანას იქ წარმოადგენს ბატონი დავით ზალკალიანი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
დემოკრატიის სამიტი 9-10 დეკემბერს ვირტუალურ რეჟიმში გაიმართება.
სამიტში მონაწილეობას მიიღებენ მიწვეული ქვეყნის მთავრობების, სამოქალაქო საზოგადოებებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
სამიტი ფოკუსირებული იქნება დემოკრატიის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე და პლატფორმას უზრუნველყოფს ლიდერებისთვის, რათა როგორც ინდივიდუალური, ასევე კოლექტიური ვალდებულებები აიღონ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დასაცავად.