მოძრაობა "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია, საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მისი თქმით, მკურნალობის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს და კლინიკაში კიდევ 1 კვირას გაატარებს.
"მეგობრებო, ვაგრძელებ მკურნალობას ნიუ ჰოსპიტალში. პროცესი მიდის ისე როგორც უნდა მიდიოდეს. კიდევ ერთი კვირა მომიწევს აქ ყოფნა. ჯერ საკვებზე არ გადავსულვარ, რაღაც სპეციალურ სითხეებს მასმევენ. ალბათ ზეგიდან შემომაპარებენ საჭმელს ნელ-ნელა.
ბოდიში შეიძლება მესიჯებზე ვერ გიპასუხოთ ძირითადად მძინავს. მადლობა ყველას", - წერს ელენე ხოშტარია.
ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, 3 ნოემბრიდან შიმშილობდა. შიმშილობა მან 19 ნოემბერს შეწყვიტა, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა.