საქართველოში შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, მედიის შეკითხვებს უპასუხა.
კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებულ შტატებს ძლიერ აღელვებს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და ამ საკითხის მიმართ დიდი ყურადღებაა მიპყრობილი.
"ჩვენ ძალიან გვაღელვებს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა, როდესაც ადამიანის სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა, რა თქმა უნდა, აღარაა საჭირო რაიმე სახის დისკუსია და დებატი, მას უნდა მიეცეს საშუალება ყველა სათანადო მკურნალობის და ზრუნვის.
ჩვენ ვენდობით სახალხო დამცველის შექმნილ მედიკოსთა ჯგუფს. მათი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის კრიტიკული, მას ესაჭიროება მრავალმხრივი, მრავალპროფილური სამედიცინო მომსახურება, რათა ის რაც მოხდა [გონების დაკარგვა], აღარ განმეორდეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოსწორდეს.
შესაბამისად მან უნდა მიიღოს შესაბამის დაწესებულებაში მკურნალობაში. მოგეხსენებათ, ამ საკითხის მიმართ არის დიდი ყურადღება, როგორც ჩვენი საელჩოს მხრიდან, ასევე ვაშინგტონში, საქართველოს მეგობრების მხრიდან. მთავრობამ უნდა შეასრულოს ის რეკომენდაციები, რაც ამ საკითხზე გაიცა, რადგან გაუგებარია, რატომ არ ხდება ამ ზომების მიღება", - თქვა კელი დეგნანმა.
შეგახსენებთ, გუშინ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ სააკაშვილი მოსხლეტით წაიქცა და საკაცით გაიყვანეს. მოგვიანებით, ექიმ-რეანიმატოლოგ გულიკო ქილიფთარმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და მისი მდგომარეობა სტაბილურია.
მიხეილ სააკაშვილი 50-ე დღეა შიმშილობს.