"კადრების გავრცელებას ითხოვდნენ რადიკალური ოპოზიცია და მისი კუთვნილი მედიასაშუალებები", - აცხადებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე საქართველოს მესამე პრეზიდენტის გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის კადრების გასაჯაროვებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, იმის გამო, რომ საზოგადოება შეცდომაში არ ყოფილიყო შეყვანილი, მოხდა კადრების გასაჯაროვება.
"რა თქმა უნდა, ყველამ წინასწარ იცოდა, რომ ეს კადრები ლამაზი სანახავი არ იქნებოდა. ეს იცოდა, მათ შორის „ნაცმოძრაობამ“ და მისმა მედიამ, მაგრამ მაინც ითხოვდნენ. საბოლოო ჯამში, საზოგადოებამ ის კადრები იხილა, რომელიც ნამდვილად არ იყო ლამაზი სანახავი, თუმცა სააკაშვილი ასეთ მდგომარეობაში არაერთხელ გვინახავს – მათ შორის გორში, როცა მას მთავარსარდალი ერქვა, უკრაინაში, როცა უკრაინელ სამართალდამცველებს თავი თმებით ათრევინა და მესამედ ახლა, საზოგადოებამ ასეთ მდგომარეობაში იხილა. ეს არის სააკაშვილის სახე. ლამაზი სანახავი არ იყო ის ქცევა, რაც გამოჩნდა სააკაშვილის მხრიდან. მიხეილ სააკაშვილი არის ამ ქვეყნის ანტისიმბოლო, ანტისახე, რომელიც ადამიანებს აწამებდა და ეს დღესაც ვიხილეთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.