სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ სერიოზულ რისკებს უსაფრთხოების თვალსაზრისით, - აცხადებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. კობახიძის თქმით, მას სჯერა, რომ სამართალდამცავი სტრუქტურები ყველაფერს გააკეთებენ, რათა ასეთი ტიპის გეგმები ვერ განხორციელდეს, მაგრამ ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენება არის სერიოზული დილემა.
„რაც შეეხება საავადმყოფოში გადაყვანას. კიდევ ერთხელ გვინდა აღვნიშნოთ, რომ ხდება აღმოჩენა, თითქოს ეს არის რაღაც ახირებული პოზიცია. ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ სერიოზულ რისკებს უსაფრთხოების თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, გვჯერა, რომ უწყებები, სამსახურები, სამართალდამცავი სტრუქტურები ყველაფერს გააკეთებენ, რათა ასეთი ტიპის გეგმები ვერ განხორციელდეს, მაგრამ ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენება არის სერიოზული დილემა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ ვიღებთ გადაწყვეტილებას სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით. ერთი, რომ არ არსებობს ამის საჭიროება და მეორე – უსაფრთხოების რისკები არის ძალიან სერიოზული. საუბარია რისკებზე, რომლებიც უკავშირდება ადამიანების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას“, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, სამოქალაქო საავადმყოფოში სააკაშვილის გადაყვანასთან დაკავშირებით არის ახირებული მოთხოვნა, რაც მას საერთოდ არ სჭირდება.
„მე დეტალებში ვერ შევალ, მოიტაცებენ თუ არ მოიტაცებენ. მგონია, რომ ვერ მოიტაცებენ, მაგრამ მცდელობის შემთხვევაში, შეიძლება, ადამიანების სიცოცხლეს შეექმნას სერიოზული საფრთხე. ამას ჩვენ ვერ დავუშვებთ მხოლოდ იმის გამო, რომ არის ახირებული მოთხოვნა სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანასთან დაკავშირებით, რაც მას საერთოდ არ სჭირდება. მით უმეტეს, გახსოვთ, სააკაშვილმა თქვა, რომ შეწყვეტდა შიმშილობას შემდეგ გადაყვანის პირობით. შიმშილობის შემდეგ, მით უმეტეს, ყველა ძალიან კარგად ვხვდებით, რომ არავის სჭირდება მაღალტექნოლოგიური და მულტიფუნქციური კლინიკა იმისთვის, რომ გაიაროს რეაბილიტაცია. ადამიანს ერთადერთი სჭირდება საკვების სათანადო დოზირება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.