გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 130 წელი გავიდა.
საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტის მიხედვით გალაკტიონ ტაბიძე 1891 წლის 5 ნოემბერს (ძველი სტილით) დაიბადა და 1892 წლის 3 იანვარს მოინათლა.
მამა: გალაკტიონის დაბადებისას უკვე გარდაცვლილი ვასილ სტეფანეს ძე ტაბიძე, დედა: მაკრინე გიორგის ასული. ნათლია: თადეოზ ნამიჭეიშვილი. ნათლისღების საიდუმლო აღასრულა მღვდელმა სტეფანე ტაბიძემ, რომელიც გალაკტიონის ბაბუა იყო.
გალაკტიონ ტაბიძის დაბადების ჩანაწერი სოფელ ჭყვიშის წმინდა გიორგის ეკლესიის 1892 წლის "მეტრიკულ წიგნში"
1900 წელს ტაბიძე ჩაირიცხა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. 1908 წლიდან სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1910-1911 წლებში მუშაობდა მასწავლებლად. 1917-1918 წლებში იმყოფებოდა მოსკოვსა და პეტროგრადში.
გალაკტიონის ლექსების პირველი კრებული 1914 წელს დაიბეჭდა. მეორე კრებული - "Cran Aux fleurs artistiques" ("თავის ქალა არტისტული ყვავილებით") - 1919 წელს პეტრე (ტუტკუ) გვარამიამ გამოსცა. ამ წიგნმა პოეტს განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა.
გალაკტიონ ტაბიძემ 1916 წლის 23 აგვისტოს ოლღა ოკუჯავაზე დაიწერა ჯვარი. მათი ქორწინება სამოქალაქო წესით 1921 წლის 15 ოქტომბერს გაფორმდა.
ამ დროისთვის გალაკტიონი თბილისში, სერგიევის ქუჩაზე, ხელოვნების სასახლეში (დღევანდელ მაჩაბლის ქუჩაზე მდებარე მწერალთა სახლი), ცხოვრობდა, ოლღა ოკუჯავა კი რუსთაველის პროსპექტის #19 ბინაში.
ბოლშევიკური ხელისუფლება ოლღა ოკუჯავას ტროცკისტობის ბრალდებით დევნიდა. ის 1929 წელს დააპატიმრეს და 3 წლით გადაასახლეს. მეორედ 1936 წელს დაიჭირეს, 1937 წელს გაასამართლეს და 1941 წელს დახვრიტეს.
პოეტის დაბადებიდან 130 წელი საიუბილეო კვირეულით აღინიშნება. ლიტერატურულ მუზეუმში მისულ დამთვალიერებელს პოეტის ფოტოები, პირადი წერილები და სხვა საინტერესო ექსპონატები დახვდება.
გალაკტიონი 1959 წლის 17 მარტს გარდაიცვალა.