პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების" წევრი ალექსანდრე ელისაშვილი მიიჩნევს, რომ „ქართულმა ოცნებამ" ის დიდი უპირატესობა, რასაც ადამიანების ადამიანურად მოქცევას გულისხმობს, დაკარგა და ის კადრები, რაც მასთან დაკავშირებით გავრცელდა, უღირსობა იყო.
„ქართულ ოცნებას" ძალიან დიდი უპირატესობა გქონდათ და ადამიანებს ექცეოდით ადამიანურად, მით უფრო ციხეში. მე სააკაშვილისადმი დამოკიდებულება რაც მქონდა, ისევ ის მაქვს. ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის შეურაცხყოფა იყო, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი, შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი არაჟნის ყუთებით იპარება და შეურაცხყოფას აყენებს სახელმწიფოს, რომელსაც ხელმძღვანელობდა. კამო პეტროსიანი არ სჩადიოდა ასეთ რაღაცეებს რაც სააკაშვილმა გააკეთა, მაგრამ ამის გათვალისწინებით, ის კადრები რაც ვნახეთ იყო უღირსობა. ის ადამიანური დიდი უპირატესობა რაც გქონდათ, სამწუხაროდ თქვენ ის დაკარგეთ. არ ვიცი ამას გრძნობთ თუ ვერ გრძნობთ? პოლიტიკას ხომ ორი განზომილება აქვს - ადამიანური და პრაგმატული. პრაგმატულადაც დაზიანდით და სახელმწიფო დააზიანეთ და ადამიანურათაც დამაზიანებელი იყო. უღირსობა ვნახეთ მეტი არაფერი", - განაცხადა ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.