ხვალ, 17 ნოემბერს, შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის პრორექტორს, პროფესორ კარლ-პიტერ ზომერმანს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება.
ღონისძიებას თსუ-ის პროფესორები, სტუდენტები და სხვადასხვა გერმანული საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.
დაგეგმილია კარლ-პიტერ ზომერმანის მოხსენება თემაზე: „სამართლებრივი სახელმწიფო და საჯარო მმართველობა".
პროფესორი ზომერმანი თსუ-ის სამაგისტრო პროგრამის - "საჯარო მმართველობა" ხელმძღვანელია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და შპაიერის (გერმანია) ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის ერთობლივი ინტერდისციპლინარული სამაგისტრო პროგრამა 2009 წლის დეკემბრიდან ხორციელდება. შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტი ორიენტირებულია ადმინისტრაციული მეცნიერებების კვლევაზე, გააჩნია მდიდარი გამოცდილება საჯარო მოხელეთა მომზადებასა და გადამზადებაში. ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის მიზანია საქართველოში სახელმწიფო მმართველობის სფეროში ევროპული სტანდარტების შესაბამისი მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება.
ღონისძიება 12 საათზე დაიწყება. (მის.: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსი, 1-ლი სართული, იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკა).