იმისთვის რომ ჯანდაცვის სისტემა არ გადაიტვირთოს და მდგომარეობა უფრო მეტად არ გართულდეს ექიმები მოსახლეობას ვაქცინაციისა და რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ.
ვაქცინაცის აუცილებლობაზე საუბრობს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძეც, მისი თქმით, ერთ და ორ დღეში ვაქცინაციის შედეგს ვერ დავინახავთ, თუმცა მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად გამოიყენონ მოქალაქეებმა ნოემბრის თვე, რომ შემდეგ კვირებში უკვე დაგვიანებული არ იყოს იმუნიზაცია.
"70-80 გარდაცვლილი ყოველდღიურად, ერთი თვის განმავლობაში, ძალიან მაღალი ციფრია. ამიტომ ვამბობთ ჩვენ, რომ ვაქცინაციის შედეგი არ არის მყისიერი, თუ თქვენ გადაწყვიტეთ ვაქცინაციის ჩატარება, დღესაც რომ მივიდეს საქართველოში ვაქცინაციის კაბინეტში 30 ათასი ადამიანი, ჩვენ ხვალ და ზეგ ამის შედეგს ვერ ვნახავთ. გვინდა, რომ ნოემბრის დარჩენილი დღეები იყოს მაქსიმალურად გამოყენებული, ყველა იმ ადამიანმა გამოიყენოს, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს იმუნიზაცის ჩატარება, რაღაც პერიოდის შემდეგ, თუნდაც ორი სამი კვირის შემდეგ, ეს მართლა ძალიან დაგვიანებული იქნება”, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.