"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ხვალინდელ საპროტესტო აქციაზე ისაუბრა.
გარდა ამისა, ნიკა მელიამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში ტრანსპორტირების შემთხვევაში, არანაირი საპროტესტო აქცია კლინიკის შენობასთან ან მის მიმდებარედ, არ გაიმართება.
ამასთან, მელია ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის გადაყვანასთან დაკავშირებით სპეციალური ჯგუფის შექმნას სთავაზობს.
"მეგობრებო! ხვალ, 15 ნოემბერს, 14:00 საათზე ჩვენ შევიკრიბებით მეტრო ავლაბართან, რის შემდეგ მოეწყობა მსვლელობა და გადაიკეტება საავტომობილო მოძრაობა თბილისის ორივე სანაპიროზე
მე მესმის, რომ ეს გარკვეულ დისკომფორტს შეუქმნის მოქალაქეებს, მაგრამ ეს არის ძლიერი გამაფრთხილებელი სიგნალი რეჟიმისთვის, რომ არაძალადობრივი საპროტესტო მოძრაობა ყოველ დღე უფრო მწვავე გახდება! ეს გაფრთხილება იქნება - თუ რეჟიმი გონს არ მოეგო და ელემენტარული ადამიანობა არ გამოავლინა კიდევ უფრო მწვავე ფორმებს მივმართავთ!
ის, რომ მიხეილ სააკაშვილი დღემდე არ არის სამოქალაქო საავადმყოფოში - ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს, გარდა რეჟიმისგან მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობით შურისძიებისა.. ჩვენ უკვე ვთქვით და ვიღებთ პასუხისმგებლობას რომ არ გავმართავთ არცერთ აქციას კლინიკასთან თუ იქ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს გადაიყვანენ!
მეტიც - ვთავაზობ შესაბამის უწყებას ჩამოაყალიბოს ჯგუფი - მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, პირადი ექიმის, ოჯახის წევრის, ჩვენი პარტიის და სამოქალაქო საზოგადოების ერთი წარმომადგენლის მონაწილეობით. ამ ჯგუფში შეგვიძლია გავწეროთ გადაყვანის მთელი პროცედურა. იმისათვის რო ყველაფერმა მშვიდად და ექსესების გარეშე ჩაიაროს!
მოკლედ, თუ გვინდა არ გადაიჩეხოს ქვეყანა უფსკრულში, თუ გვინდა ქვეყანას ავარიდოთ დიდი უბედურება და შემდგომი მრავალწლიანი სამოქალაქო გახლეჩა - გამოდით პროტესტზე! ხვალ 14:00 მეტრო ავლაბარი!, - ამბობს ნიკა მელია.