მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და პირობები, სადაც ის იმყოფება კიდევ უფრო დამძიმდა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველმა და "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
გვარამიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი უწყვეტი წამების ქვეშ იმყოფება.
მისივე განცხადებით, ჯანმრთელობის გარდა, უმძიმესია ის ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომელსაც მესამე პრეზიდენტი გლდანის ციხეში განიცდის.
მდგომარეობა არის მძიმე, მას მერე კიდევ უფრო დამძიმდა ჩვენი ინფორმაციით და არანაირი გამოხმაურება ჩვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯზე, რომ მიხეილ სააკაშვილი მზად არის შეწყვიტოს შიმშილობა იმ პირობებში როდესაც ის იქნება შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაციისთვის შესაბამის კლინიკაში გადაყვანილი, არანაირი გამოხმაურება ამაზე სახელმწიფოს მხრიდან არ ყოფილა.
განვმარტავ რომ, მიხეილ სააკაშვილისთვის დღეს, გლდანის ციხეში შიმშილობის შეწყვეტა უფრო საფრთხისშემცველია, ვიდრე შიმშილობის გაგრძელება.
მიხეილ სააკაშვილის კონდიცია ჯანმრთელობის არის ძალიან მძიმე, მაგრამ მთავარი არის მისი სამართლებრივი სტატუსი, იგი იმყოფება უწყვეტი წამების ქვეშ. მას რეალურად სამედიცინო დახმარების გაწევა არ ხდება, ხდება მუდმივ ფსიქოლოგიური ზეწოლა, ვერ აღებს ფანჯარას, ვერ აქრობს შუქს იმიტომ, რომ ნებისმიერ ასეთ ვითარებაში იწყება გარედან ფსიქოლოგიური შტურმი, არამხოლოდ გინება, არამედ მუქარები, რომ შემოვალთ და გაგისწორდებით.
შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილს პრაქტიკულად არ სძინავს და იმყოფება წამების იმ ორი ფორმის ქვეშ, რასაც ჰქვია მუდმივი ხმაური და ანთებული შუქის პირობებში ყოფნა", - ამბობს ნიკა გვარამია.
ამასთან, ნიკა გვარამიამ სახალხო დამცველს მისი ეგიდით, კონსილიუმის შექმნის მოთხოვნით მიმართა.
"მივმართავთ, სახალხო დამცველს, კონსილიუმი, პარიტეტულ საწყისებზე, შეიქმნას მისი ეგიდით. მისი ეგიდით ნიშნავს, რომ ჩვენი მხრიდან ამ დასკვნაზე ხელმომწერები: გიორგი ბერულავა - ექსპერტი ფსიქიატრი, კახაბერ მიქაძე - ექსპერტი ფსიქოლოგი, ოთარ თოიძე - ექსპერტი ნევროლოგი, ლალი ჯავაშვილი - ექსპერტი ენდოკრინოლოგი, მარინე აბაშიძე - ექსპერტი ჰემატოლოგი, ტრანსფუზიოლოგი პროფესორი, ლევან ბესელია - ექსპერტი გადაუდებელ მედიცინაში, ანესთეზიოლოგ-რეანიმაოლოგი, მარიამ ჯიშკარიანი - შემთხვევის სუპერვაიზორი და ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი და + ნიკა ყიფშიძე - მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი", - თქვა გვარამიამ.
ნიკა გვარამიამ ასევე მიმართა ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებს, წარმოადგინონ თავიანთი კანდიდატები კონსილიუმის წევრობისთვის.