ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში UNICEF-ის წარმომადგენელ ღასან ღალილთან შეხვედრაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ღასან ღალილს საქართველოში UNICEF-ის საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და გამოთქვა მზაობა, საქართველოს მთავრობამ კიდევ უფრო გააძლიეროს თანამშრომლობა UNICEF-თან.
ხაზი გაესვა UNICEF-ის მნიშვნელოვან მხარდაჭერას COVID-19-ის პანდემიით შექმნილი გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაში.
ირაკლი ღარიბაშვილი მიესალმა UNICEF-ის პროგრამის 2021-2025 წლების დოკუმენტის დამტკიცებას, რომელიც საქართველოს ეროვნულ პრიორიტეტებს შეესაბამება და იმედი გამოთქვა, რომ მისი განხორციელება დასახული მიზნების განხორციელებაში საქართველოს ძალისხმევას ხელს შეუწყობს.
პრემიერ-მინისტრის თქმით, UNICEF-ის პროგრამის დოკუმენტის ფორმულირების პროცესი ღია და გამჭვირვალე იყო, რომელშიც ჩართული იყო მთავრობა და ყველა შესაბამისი დაინტერესებული მხარე.
ირაკლი ღარიბაშვილმა ღასან ღალილს სკოლებში კვების პროგრამის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანი ინიციატივა საქართველოში ბავშვების კეთილდღეობასა და უკეთეს მომავალს შეუწყობს ხელს.