მომავალი კვირიდან მთავრობა მიმდინარე წელს განხორციელებული სამუშაოების შეჯამებასა და 2011 წლის გეგმების პრეზენტაციას დაიწყებს, ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა.
"მთავრობის მომავალი სხდომიდან დავიწყებთ თითოეული სამინისტროს მიერ 2010 წელს განხორციელებული სამუშაოების შეჯამებას და 2011 წლის გეგმების ინტენსიურ განხილვას. ყველა მინისტრი გამართავს შესაბამის პრეზენტაციას და კონკრეტულად განმარტავს, თუ რა გააკეთა მისმა სამინისტრომ 2010 წელს და რა გეგმები აქვს კონკრეტულ მიმართულებებთან დაკავშირებით უკვე მომავალი წლისთვის", - განაცხადა ნიკა გილაურმა.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა მთავრობის წევრებს მოუწოდა, რომ აღნიშნულის გარდა მათ შესაბამისი პრეზენტაციები მედიისა და საზოგადოებისთვისაც გამართონ.
"საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს რა გაკეთდა მიმდინარე წელს, რა მიზანს მიაღწია კონკრეტულმა სამინისტრომ, რას ვერ მიაღწია, რა პრობლემები დარჩა და როგორ აპირებს მის გადაწყვეტას" - განმარტა საქართველოს პრემიერმა.
აღნიშნულ პრეზენტაციებს წლის ბოლომდე დარჩენილი მთავრობის ყველა სხდომა დაეთმობა.