საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ელენე ხოშტარიას შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
„მინდა, მივმართო ელენე ხოშტარიას, უდიდესი პატივისცემით და მადლიერებით, ბოლო დღეებში მისი, გადაუჭარბებლად რომ ვთქვათ, გმირული და პატრიოტული საქციელის გამო და მოვუწოდო გულმხურვალედ, ჩემი ამ გადაწყვეტილების საფუძველზე დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მისი ჯანმრთელობისთვის საშიში შიმშილობის პროცესი“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, ელენე ხოშტარიამ 3 ნოემბერს, პარლამენტის შენობაში შიმშილობა დაიწყო.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს, თუ მისი პირობები შესრულდება.
სტრასბურგის სასამართლომ, დღეს გამოქვეყნებულ წერილში, მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. პატიმრობის პირველივე დღიდან სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა.