რუსული ჯარის ოპერატიული ჯგუფი, ღირსეულად ართმევს თავს დაკისრებული ამოცანების შესრულებას, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც რუსეთის საგარეო უწყებამ მოლდოვის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მიხაი გიმპუს განცხადების საპასუხოდ გამოაქვეყნა. გიმპუ ნატოს გენერალურ მდივანს ანდრეს ფოგ რასმუსენს რესპუბლიკიდან რუსული ჯარის გაყვანის საკითხში მხარდაჭერას სთხოვს.
"ამ საკითხის პროპაგანდისტულ მხარეს რომ გავემიჯნოთ, რომელიც მოლდოვაში ნოემბრის ბოლოს დაგეგმილ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება, მაშინ ამ მოწოდების ადრესატი - არიან რუსი სამშვიდობოები და ჯერ კიდევ საბჭოეთის დროიდან დნესტრისპირეთის ტერიტორიაზე არსებული და დარჩენილი მსხვილი სამხედრო ქონების საწყობის სამხედრო დაცვაა", _ იუწყება რუსეთის საგარეო უწყება.
მათივე განცხადების მიხედვით - "პირველი კომპონენტი ამ უსაფრთხოების ზონაში სტაბილურობის შენარჩუნების მანდატით იმყოფება და კონფლიქტის დარეგულირებისათვის მშვიდობიანი მოლაპარაკებების დაწყებისათვის პირობებს ქმნის.
მეორე კომპონენტი _ არანაკლები მნიშვნელობის სამხედრო ამოცანის შესრულებითაა დაკავებული და მისი გადაბარება ვერავისზე ვერ ხერხდება".
"რუსული ჯარის ოპერატიული ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც 1300 სამხედროზე ნაკლებია ღირსეულად ართმევს თავს დაკისრებული ამოცანების შესრულებას და არის სანდო ინსტრუმენტი პოლიტიკური შეთანხმებების რეალიზაციისა რესპუბლიკა მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დნესტრისპირეთისათვის განსაკუთრებული, მყარი და გარანტირებული სტატუსის განსაზღვრისათვის", _ იუწყება სერგეი ლავროვის უწყება.
შეგახსენებთ, რომ 12 ნოემბერს მოლდოვის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, მიხაი გიმპუმ ნატოს გენერალურ მდივანს ანდრეს ფოგ რასმუსენს მიმართა და რესპუბლიკიდან რუსული ჯარის გაყვანის საკითხში მხარდაჭერა სთხოვა.
"მოლდოვის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 20 წელზე მეტი ხანი გავიდა, მაგრამ რუსეთის მთავრობა არ ასრულებს როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო დონეზე ნაკისრ ვალდებულებებს. საერთაშორისო ნორმებისა და მოლდოვის კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ, რუსული ჯარი აგრძელებს უკანონოდ ყოფნას დამოუკიდებელი მოლდოვის რესპუბლიკის ტერიტორიაზე", _ ნათქვამია წერილში.
მისი თქმით, "რუსული ჯარი რჩება დაძაბულობის კერად და დნესტრისპირულ სეპარატიზმს ასაზრდოებს. დნესტრისპირელი სეპარატისტები რუსული ჯარის მხრიდან მორალურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას გრძნობენ".
გიმპუს აზრით, ახლანდელ სიტუაციაში, იმ შემთხვევაში თუ მოლდოვა არ დასთანხმდება დნესტრისპირეთში რუსული ჯარის ყოფნას, "რუსეთმა, შესაძლოა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მსგავსად დნესტრისპირეთის დამოუკიდებლობა აღიაროს, რათა მოლდოვის ტერიტორიაზე თავისი ჯარი შეინარჩუნოს".
აღსანიშნავია, რომ სეპარატისტულ დნესტრისპირეთში რუსული სამხედრო ძალა 1992 წლიდან დგას.