ხელისუფლება ბედავს იმდენს, რამდენსაც აბედინებს საზოგადოება, - განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში
მისი თქმით, ხელისუფლება იქცევა ამაზრზენად და სახელმწიფო ინსტიტუტებს ფეხქვეშ თელავს.
„სამწუხაროდ ამის უფლებას მას აძლევს ის ნაწილი საზოგადოების, რომელიც ჩუმად არის, ან თვლის, რომ სამართლიანია ის, რაც ხდება სააკაშვილთან მიმართებაში. არ ვდაობ მე იმაზე, სააკაშვილი მართალია თუ მტყუანი. ყველას ჩვენი აზრი გვაქვს, დასასჯელია თუ არ არის დასასჯელი, ეს არ არის ახლა მთავარი.
რითი ჯობია ეს ხელისუფლება წინა ხელისუფლებას, რომელზეც მუდმივად აპელირებს? რით იქცევა ეს ხელისუფლება უფრო სამართლიანად უფრო ცივილიზებულად, უფრო დემოკრატიულად? არაფრით. ესე იგი, მე მინდა ვთხოვო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ყველაფერს უყურებს ხელისუფლების პოზიციიდან. მეგობრებო, ხვალ, ნებისმიერ ჩვენგანს იგივეს გაუკეთებს ხელისუფლება, ვინც არ მოვეწონებით“, - თქვა ბურჯანაძემ.