ამერიკული ხომალდების ვიზიტი ადასტურებს, რომ შეერთებული შტატები და საქართველო პარტნიორების რანგში ერთგულნი არიან უსაფრთხოებისა და თავდაცვის იდეისადმი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში განაცხადა, სადაც ამერიკულ ხომალდ „მაუნთ უიტნიზე“ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან ერთად იმყოფებოდა.
ელჩი დეგნანის თქმით, ეს ვიზიტი ასევე ადასტურებს შეერთებული შტატების ურყევ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
„მაქვს პატივი, ხომალდ „მაუნთ უიტნისა“ და „არლი ბურკის” კლასის მართვად სარაკეტო გამანადგურებელ ხომალდ „პორტერს” დავხვდე საქართველოში. ამ ხომალდების ეკიპაჟის და პირადი შემადგენლობის ბევრი წარმომადგენელი ამ მშვენიერ ქვეყანას პირველად ეწვია, თუმცა ეს ხომალდები აქ ბევრჯერ ყოფილან. ძალიან ვამაყობთ, რომ კვლავ დაბრუნდნენ დღეს. „მაუნთ უიტნიმ“ 2008 წლის სექტემბერში - რუსეთის მიერ საქართველოში შემოჭრის დროს - აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან 17 ტონა მეტად საჭირო ჰუმანიტარული დახმარება ჩამოიტანა. ეს იყო ამ ხომალდის პირველი შემოსვლა შავი ზღვის აკვატორიაში და შეხედეთ, რამდენად წინ წავიდა ამ პერიოდში საქართველო. ამ დიდებული ხომალდების ისტორია და მათი ეკიპაჟების შესაძლებლობები და მიღწევები შთამბეჭდავია. ეს ვიზიტი ადასტურებს, რომ შეერთებული შტატები და საქართველო პარტნიორების რანგში ერთგულნი არიან უსაფრთხოებისა და თავდაცვის იდეისადმი. ერთი თვე არც არის გასული შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ვიზიტისგან, რომელმაც ბრძოლის ველზე ქართველ მეომრებთან ერთად ყოფნა გაიხსენა და მადლიერება გამოხატა მათდამი. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოების და მოკავშირეების მეომრებთან ერთად 22 ათასზე მეტი ქართველი მონაწილეობდა წვრთნებსა და ბრძოლებში. ამ ხომალდების ეკიპაჟები და პირადი შემადგენლობა შეერთებულ შტატებს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ინტეგრირებული საავიაციო, სახმელეთო და საზღვაო ოპერაციები განახორციელონ სამხედრო და ჰუმანიტარული მისიით, როდესაც მოგვმართავენ და როდესაც საჭირო ვხდებით მსოფლიოში. თქვენი აქ ყოფნა ასევე ადასტურებს შეერთებული შტატების ურყევ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. მადლობას გიხდით - ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო ვიცე-პრემიერო, ბატონო თავდაცვის მინისტრო, თავდაცვის ძალების მეთაურო, საზღვრის დაცვისა და საზღვაო პატრულირების სამსახურების ხელმძღვანელებო ამ ვიზიტის ხელშეწყობისთვის და - რაც უფრო მნიშვნელოვანია - უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ჩვენი პარტნიორობის ძლიერი მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნა ელჩმა კელი დეგნანმა.