საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, თბილისის მერიისა და იტალიის საელჩოს მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა" 10 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით რიგით მეშვიდე „თბილისის ბაროკო ფესტივალს" გამართავს.
ფესტივალში „საქართველოს სინფონიეტასთან" ერთად მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი მუსიკოსები, ანსამბლები და ძველებური მუსიკის სპეციალისტები, როგორებიც არიან: საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი", ვინჩენცო კაპეცუტო (მომღერალი (ალტი) და ბალეტის მოცეკვავე, იტალია), ნატალი პერესი (მეცოსოპრანო, საფრანგეთი), გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტი, გიორგი კუზანაშვილი (თეორბო, საქართველო /გერმანია), ტრიო "I Bassifondi" (იტალია), სიმონე ვალეროტონდა (თეორბო, ბაროკოს გიტარა, ლუთნა; იტალია), კორნელია ფონ კერსენბროკი (დირიჟორი, გერმანია), საფესტივალო გუნდი არჩილ უშვერიძის ხელმძღვანელობით და სერგეი მალოვი (ვიოლინო, ჩელო და სპალა, ავსტრია).
აღსანიშნავია, რომ ფესტივალის მონაწილე ვარსკვლავები, გარდა კონცერტებისა ძველებური მუსიკის ავთენტიკური შესრულების მიმართულებით მასტერკლასებს ჩაატარებენ. ფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართება 5 საჯარო ლექცია: ქართული და ევროპული მუსიკის, აგრეთვე ბაროკოს პერიოდის თეატრის, ლიტერატურის და მხატვრობის შესახებ.
საფესტივალო კონცერტები 10, 29 ნოემბერს, ასევე 2, 6 და 8 დეკემბერს რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე, ხოლო 13 ნოემბერს „სამეფო უბნის თეატრში" გაიმართება. ლექციები კი „საქართველოს სინფონიეტას" სარეპეტიციო სივრცეში, "Sinfonietta Stage"-ზე ჩატარდება და მას გაუძღვებიან წამყვანი სპეციალისტები და პროფესორები, როგორებიც არიან: ზურაბ წკრიალაშვილი (გუნდის დირიჟორი, ანსამბლ „ბასიანის" დირექტორი და მომღერალი, თბილისის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქოს გუნდის მგალობელი), გიორგი მთაწმინდელის სახ. საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის ასისტენტ პროფესორი), ლევან ცაგარელი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ლიტერატურათმცოდნე), თამარ მუქერია (თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საოპერო დასის კოორდინატორი), გია ბუღაძე (მხატვარი) და გვანცა ღვინჯილია (მუსიკოლოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი). საჯარო ლექციებზე დასწრება თავისუფალია.
„თბილისის ბაროკო ფესტივალი" თბილისის სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა 2015 წელს საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დააარსა და მას ყოველწლიურად ბაროკოს მუსიკის მსოფლიოს ვარსკვლავები სტუმრობენ. „თბილისის ბაროკო ფესტივალი" ამიერკავკასიაში პირველი და ერთადერთი ძველებური მუსიკის ფესტივალია, სადაც ბაროკოს პერიოდის ინსტრუმენტებით და ავთენტიკური შესრულების მანერით სრულდება ძველებური მუსიკა.
ფესტივალის ყველა ღონისძიება რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდება.