მე გავაფრთხილე მმართველი პარტიის წევრები, რომ მიუხედავად ევროკავშირისკენ მათი მისწრაფებისა, გაწევრიანების კუთხით ახლა ყველაზე შორს არიან, ვიდრე ოდესმე, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გამართულ ონლაინ დისკუსიაზე განაცხადა.
მისი თქმით, გასათვალისწინებელია, მმართველი პარტიის სიძულვილის რიტორიკას და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებას, რა შედეგები მოაქვს.
„როგორც ბატონმა ელჩმა ბრძანა, ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება პოლიტიკური ჩარჩოა, რომელიც არ არის შესრულებული. ძალიან შორს ვართ ჩვენ, როგორც სასამართლო რეფორმების, ასევე სხვა რეფორმების კუთხით. ყოველდღიურად ისინი გადიან ამ ვალდებულებიდან. ასევე ეს არის ფინანსური პასუხისმგებლობა და ჩვენთვის ეს მიუღებელია, რომ გადასახადების გადამხდელების ფული იხარჯება და ფაქტობრივად არ სრულდება ეს ვალდებულებები, არა მხოლოდ დემოკრატიული რეფორმების კუთხით, არამედ მოქალაქეებისთვის. ეს არ არის რეფორმა ევროკავშირისთვის, ეს არის რეფორმა საქართველოს მოქალაქეებისთვის. ეს ანტიევროპული რიტორიკა ძალიან გამაღიზიანებელი იყო ჩემთვის და საგონებელში ჩამაგდო. ყოველთვის მეგონა, რომ საქართველო პროევროპული ქვეყანაა, ძალიან გამაღიზიანა ახალმა ტონმა, ახალმა რიტორიკამ, რომ ჩვენ კუთხეში დაგვაყენეს, თითქოს საქართველოს თავს ვახვევთ ისეთ რამეს, ისეთ ღირებულებებს, რაც მათ არ უნდათ. საგონებელში ჩამაგდო ამის გაგონებამ მმართველი პარტიისგან. მეორე მხრივ, ვფიქრობ, როდესაც პროგრესზე ვსაუბრობთ, როგორ უნდა მივაწვდინოთ ხმა პარლამენტის წევრებს, რომ ეს დიალოგი შედგეს. როგორ უნდა მოვემზადოთ ამისთვის. არის თუ არა ახლა დრო ამისთვის, თუ ჯერ გადავდოთ ეს და დაველოდოთ პროევროპულ მიდგომას მმართველი პარტიიდან და პარლამენტში. საჭიროა უფრო კონსტრუქციული ძალების მოძებნა პარლამენტში და მათი მანდატის გამოყენება, ასევე მარტო პროტესტი და გარეთ ყვირილი, ჩემი აზრით, არაფრის მომტანი არ არის“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.