სააკაშვილი მეტად დაცული იქნება გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. კერძო სექტორში მისი გადაყვანის საფუძველი არ არსებობს და ამას არც პროტოკოლი ითვალისწინებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განუცხადა.
„ვფიქრობ, სააკაშვილი მეტად დაცული იქნება იქ, იქ სადაც ახლა არის. კერძო სექტორში მისი გადაყვანის საფუძველი არ არსებობს და ამას არც პროტოკოლი ითვალისწინებს. მას ამ ქვეყანაში იმდენი ადამიანი ჰყავს გაბოროტებული, რომ შეიძლება, სახელმწიფოს კერძო კლინიკაში მისი დაცვა გაუჭირდეს. არ გამხარებია, რომ მას აგინებდნენ, ეს არ იყო სწორი და არ გამხარებია, ვგმობ. ეს მიუღებელია, სახელმწიფო კანონებით იმართება, პატიმარს დანაშაულისთვის მიესაჯა და გინება კატეგორიულად მიუღებელია, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მისი გადაყვანა უსაფრთხოების თვალსაზრისით შეიძლება სახელმწიფოსთვის დიდი პრობლემა იყოს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.