ის მაჩვენებელი, რომელიც წარმოდგენილია ანგარიშში, მიუთითებს, რომ 8,3%-ში ბავშვებს სჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია, ანუ 100 ინფიცირებული ბავშვიდან 9 ბავშვი ხვდება საავადმყოფოში და დღეისათვის საქართველოში 8 ბავშვია გარდაცვლილი კორონავირუსით, - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი თქმით, ეს ფაქტები მიუთითებს იმაზე, რომ კორონავირუსი და განსაკუთრებით ის მუტაცია რომელიც საქართველოშია გავრცელებული, ბავშვებში ხშირია.
„ჩვენ არ ვთვლით, რომ ბავშვებში ვირუსი მსუბუქად მიმდინარეობს. ის მაჩვენებელი, რომელიც წარმოდგენილია ანგარიშში, მიუთითებს, რომ 8,3%-ში ბავშვებს სჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია, ანუ 100 ინფიცირებული ბავშვიდან 9 ბავშვი ხვდება საავადმყოფოში და დღეისათვის საქართველოში 8 ბავშვია გარდაცვლილი კორონავირუსით. ასე რომ ეს ფაქტები მიუთითებს იმაზე, რომ კორონავირუსი და განსაკუთრებით ის მუტაცია რომელიც საქართველოშია გავრცელებული, ბავშვებში ხშირია. ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც ბავშვებში 2020 წელთან შედარებით გაზრდილია და ესეც სერიოზული განსხვავებაა. გარდაცვალების მაჩვენებელი ბავშვებშიც გვაქვს, ძალიან დაბალი, მაგრამ მაინც. სწორედ ესაა არგუმენტი იმისა, რომ ვაქცინაცია ბავშვებში არის მნიშვნელოვანი. ასე რომ ჩვენ დავიწყებთ 12-დან 15- წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაციას. აქამდე იმავე ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაცია ტარდებოდა ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობის დროს. ეს იყო ბავშვები თანდაყოლილი პათოლოგიებით, ქრონიკული პათოლოგიებით და მალე უკვე გახდება უნივერსალური“, - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.