დღევანდელი მდგომარეობით ინფიცირებულთა შორის 15% ბავშვია, რაც დაბალი მაჩვენებელი არ არის, - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
„1-ლი ოქტომბრის მდგომარეობით საქართველოში 90 000 ბავშვი იყო ინფიცირებული კორონავირუსით და თუ პროცენტულად გავთვლით, ინფიცირებულთა შორის 15% არის ბავშვი ანუ 100 ინფიცირებულში 15 არის ბავშვი და არ მგონია, რომ ეს დაბალი მაჩვენებელი იყოს, პირიქით, კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის შემდეგ, როდესაც მკვეთრად შეიცვალა ასაკობრივი განაწილება, მოიმატა ბავშვებში ინფიცირების რაოდენობამაც. თუ დასაწყისში იყო 7%, შემდეგ „ალფას“ შემთხვევაში 10%, ახლა არის 15%, ძალიან მაღალი მაჩვენებელი“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.