კარგად გვესმის, რომ ოპოზიციისთვის ეს რთულად მისაღები მორიგი მარცხი იყო, მაგრამ როდესაც ხალხი რვაჯერ გეუბნება უარს და არჩევნებში მარცხდები, ეს ბევრ რამეს ნიშნავს და ალბათ ეს უნდა იყოს მორიგი გაკვეთილი მათთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა არჩევნების სანიმუშოდ ორგანიზებისთვის და მაღალ დონეზე ჩატარებისთვის მადლობა გადაუხდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და ცსკოს თითოეულ თანამშრომელს.
„კარგად გვესმის, რომ ოპოზიციისთვის ეს რთულად მისაღები მორიგი მარცხი იყო, მაგრამ როდესაც ხალხი რვაჯერ გეუბნება უარს და არჩევნებში მარცხდები, ეს ბევრ რამეს ნიშნავს და ალბათ ეს უნდა იყოს მორიგი გაკვეთილი მათთვის. ჩვენ მოსახლეობასთან მხოლოდ საქმეზე გვექნება საუბარი. მე პირადად ვაპირებ, რომ ყველა ის პროექტი და ინიციატივა, რომელზეც საარჩევნო კამპანიის დროს მქონდა საუბარი, პირადად გავაკონტროლო მისი შესრულების ხარისხი და ტემპი და იგივეს მოგიწოდებთ მინისტრებს, რომ პროაქტიურ რეჟიმში ვიმუშაოთ რეგიონებში, ხალხთან, მეტი საქმე ვაკეთოთ, მეტი პროგრესი და მეტი კეთილდღეობა მოვუტანოთ ჩვენს მოსახლეობას.
არჩევნები იყო სანიმუშოდ ორგანიზებული და მე მინდა ასევე მადლობა გადავუხადო ცესკოს თავმჯდომარეს და თითოეულ თანამშრომელს უმაღლეს დონეზე ჩატარებული არჩევნებისთვის. ჩვენ ახლა გვაქვს 3 წელი მშვიდობიანი განვითარების პერიოდი და კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო ყველას, მათ შორის, ოპოზიციას, რომ ეს ყველამ კარგად გავაცნობიეროთ. დადგა დრო, რომ პირადი ვიწრო, პარტიული ინტერესები არ დავაყენოთ ქვეყნის ინტერესებზე მაღლა. ჩვენთვის მთავარი უნდა იყოს ჩვენი სახელმწიფოს და ხალხის ინტერსები და არა ვიწრო პარტიული ინტერესები. ამიტომ, თუ ოპოზიციას სურს საქმეზე რეალური დებატების გამართვა, ამისთვის ადგილი არის პარლამენტი და ჩვენ, მთელი მინისტრთა კაბინეტი, მთავრობა ვართ მზად, რომ კონსტრუქციულ რეჟიმში ვითანამშრომლოთ ოპოზიციასთანაც, ვინაიდან, ეს არის ჩვენი საერთო ქვეყანა, ჩვენი გამარჯვება არის საერთო გამარჯვება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.