დღეს უდიდესი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი შემოქმედის, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს აღვნიშნავთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.
მთავრობის მეთაურის თქმით, ილიას მთელი ცხოვრება, მისი ყოველი ნაბიჯი და წამოწყება საქართველოს გაძლიერებისკენ, მისი საზოგადოების განვითარებისკენ იყო მიმართული.
„ისტორიაში იშვიათია შემთხვევა, როდესაც ერთმა ადამიანმა წარმოუდგენელი მასშტაბის პირადი ძალისხმევით შეძლო ქვეყნის მომავლის განსაზღვრა. ილიას შემოქმედებამ ქართველ ხალხში მიძინებული ეროვნული თვითშეგნება და სახელმწიფოებრივი აზროვნება გამოაღვიძა. მისმა მრავალმხრივმა საზოგადო მოღვაწეობამ კი განვითარების ის გზა დასახა, რომელსაც დღესაც მივყვებით, და რომელიც კვლავაც დიდხანს იქნება ჩვენი უმთავრესი ორიენტირი.
გულითადად გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ დღეს და წმინდა ილია მართლის გზით - სამშობლოს მსახურებისა და სიმართლის გზით სიარულს გისურვებთ ყველას“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.