იცით რატომ არ გამოვიდა სახელმწიფო აქ და აქამდე? სწორედ ამ “ღირსებისა” და “პატრიოტიზმის” საბურველში გახვეული ფარისევლობის გამო, - წერს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი „ფეისბუქში“.
"რას ნიშნავს მახსოვს 7 ნოემბერი? მხოლოდ ფიზიკურ ტკივილს, რომელიც იმ დღეს განვიცადეთ? იმ ადამიანების სიძულვილს ვინც 7 ნოემბერი დააყენა? თუ მეხსიერებიდან იმ იდეის ვერ გაქრობას, რომ მუდამ ვიბრძოლოთ იმისთვის რომ ვერასოდეს, ვერცერთმა ხელისუფალმა, ვეღარ გაგვიბედოს 7 ნოემბერი?უკომპრომისო ვიყოთ ძალაუფლებით გარყვნილთა მიმართ?
- სახელმწიფოსთვის ძალიან საშიშია ის ხალხი, რომელიც დღესაც დარწმუნებით გვიმტკიცებს, რომ 7 ნოემბერს დილის 6 საათიდან მოყოლებული ძალადობის ყველა ტალღა მართალი და სწორი იყო, რომ უფრო მაგრად უნდა ვეცემეთ და ტელე იმედიც კიდევ ადვილად გადარჩა, იმიტომ რომ თურმე რუსული ამბოხი იყო ქუჩაში, რომ ზონდერების მარში თბილისის ქუჩებში “ბადრის რა” ძახილით, სამშობლოს სიყვარულით ანთებული პატრიოტიზმის გამოვლინება იყო.
იგივე ადამიანები, მეორე წუთს თუ 5 ივლისის გამო ცრემლებს დაღვრიან და სოლიდარობას მოითხოვენ, ბუნებრივია მოკავშირეებს ვერ გაიმრავლებენ;
- ზუსტად ასევე საშიში არიან ის ადამიანები მრავლისმეტყველი, ჭკუისდამრიგებლური გამოხედვით რომ გეტყვიან მართლა გჯერათ რაც გესმით 5 ივლისზეო? ან ნუ მკრეხელობთ და ნუ ადარებთ ამ ორ მოვლენასო და სხვა.
იცით რატომ არ გამოვიდა სახელმწიფო აქ და აქამდე?
სწორედ ამ "ღირსებისა" და "პატრიოტიზმის" საბურველში გახვეული ფარისევლობის გამო. სწორედ იმიტომ, რომ არც 7 ნოემბრის და არც 5 ივლისის დაზარალებულის თუ ჭირისუფალის უმრავლესობა არ გმობს ამ დღეებს ჰუმანიმზმის, ადამიანის სიყვარულის, დემოკრატიის, თავისუფლების იდეის ხელისუფალთა მიერ დახრჩობის მცდელობის გამო.
უმრავლესობისთვის ეს მისი პირადი შურისძიებაა, პირადი ვენდეტა მათი აზრით ცუდი კაცების და ცუდი ქალების წინააღმდეგ და სხვა არაფერი.
სწორედ ამიტომ 7 ნოემბრის სახელით მოვაწყობთ 5 ივლისს, 5 ივლისის სახელით მორიგ 7 ნოემბერს და ამ ბოროტების, კაცთმოძულეობის და სახელისუფლებო ძალადობის მანკიერი წრიდან კიდევ დიდ ხანს ვერ გამოვალთ.
სწორედ ამიტომ კიდევ დიდხანს შევაჯიბრებთ "ჩვენს" და "სხვის" მსხვერპლს ….
საბოლოო ჯამში კი ეს სახელმწიფო, საქართველო რომ ქვია, მუდამ მახვერპლად შეწირული იქნება", - წერს ხიდაშელი.