ერაყის პრემიერ-მინისტრის მუსტაფა ალ-ყადიმის რეზიდენციას შეიარეღებული დრონი დაესხა თავს.
ერაყის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეიერაღებული დრონი რეზიდენციის შენობას დაეჯახა. პრემიერ-მინისტრი უვნებლად გადარჩა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, დაშავდა მისი პირადი დაცვის 6 წევრი.
რეზიდენცია ბაღდადის ე.წ. მწვანე ზონაში მდებარეობს, სადაც სამთავრობო დაწესებულებები და უცხო ქვეყნის საელჩოებია განთავსებული. ერაყის ხელისუფლების ცნობით, ამ დროისთვის "მწვანე ზონაში" უსაფრთხოება უზრუნველყოფილია.
პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაზე თავდასხმა დაგმეს შეერთებულმა შტატებმა და ირანმა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ეს იყო "აშკარა ტერორისტული აქტი", რომელიც "ერაყის სახელმწიფოს შუაგულში" განხორციელდა.
დეპარტამენტის განცხადებით, აშშ მზადაა ერაყის ხელისუფლებას გამოძიებაში დახმარება აღმოუჩინოს.
თავდასხმას წინ უსწრებდა ერაყში 10 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციები, რომელიც მალევე მასობრივ არეულობაში გადაიზარდა.
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ირანთან დაკავშირებული პოლიტიკური ჯგუფები, რომელთაც არჩევნების შედეგად ძალაუფლება დაკარგეს, აწყობდნენ დემონსტრაციებს "მწვანე ზონის" სიახლოვეს.
ისინი აპროტესტებდნენ არჩევნების შედეგებს, რადგან, მათ თქმით, ის გაყალბდა.
დემონსტრანტებს და უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკებების შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.