ხელისუფლებას ვაძლევთ 24-საათიან ვადას, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ სამოქალაქო ჰოსპიტალში, თუ ამას მაინც არ გააკეთებენ, 8 ნოემბერს 20:00 საათზე მთელი საქართველო ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ რუსთავის ციხესთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე არის გადასარჩენი.
„ახლა რას ვაკეთებთ – დღეს რაც იკადრა დამატებით ხელისუფლებამ, რეჟიმმა, ივანიშვილმა, კალაძემ, კობახიძემ, ღარიბაშვილმა და სხვებმა, რეალურად დაგვიანონსეს მიხეილ სააკაშვილის მკვლელობა. გაცხადებული მკვლელობა. ესეც ცხადზე უცხადესია. ჩვენ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რისთვის მიიტანა საკუთარი ჯანმრთელობა და სიცოცხლე სამსხვერპლოზე მიხეილ სააკაშვილმა და რისთვის ვიბრძვით ჩვენ. ვიბრძვით იმისთვის, რომ მიტაცებული სახელმწიფო უკან დავიბრუნოთ და აუცილებლად დავიბრუნებთ, მაგრამ ვიდრე ამას გავაკეთებთ და ძალიან მალე გავაკეთებთ, მე ქალაქ-ქალაქ ვიარე, განგებ ვდებდი ფიცს, რომ ბევრათას საქართველოს მოქალაქესთან ერთად აუცილებლად გამარჯვებულები შევალთ სახლებში, წინააღმდეგ შემთხვევაში სახლებში შესვლა აღარ იქნება. დასრულებულია, ეს საკითხი არის გადაწყვეტილი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
მისივე თქმით, 24 საათი აქვს დრო ბიძინა ივანიშვილს, თუ საღი აზრის რამე მარცვალი კიდევ შერჩენია ვინმეს ხელისუფლებაში, მიიღოს სწორი გადაწყვეტილება.
„24 საათი აქვს დრო ბიძინა ივანიშვილს, თუ საღი აზრის რამე მარცვალი კიდევ შერჩენია ვინმეს ხელისუფლებაში, მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და გადაიყვანონ იქ, სადაც იქნება უზრუნველყოფილი მიხეილ სააკაშვილის, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. 24 საათში ამას მაინც არ გააკეთებენ და უნდათ, რომ გაგვხადონ თანამონაწილეები, დამსწრეები, მოწმეები მიხეილ სააკაშვილის მკვლელობას და ამას გააგრძელებენ, 8 ნოემბერს, ორშაბათს, 20:00 საათზე ვიკრიბებით მთელი საქართველო თავისუფლების მოედანზე“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ფოტო: AP/Zurab tsertsvadze