"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ პარტიის ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გამართა, სადაც ხვალინდელ საპროტესტო აქციასა და მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით ხელისუფლების დამოკიდებულებაზე ისაუბრა.
ნიკა მელიას განცხადებით, "ქართული ოცნების" მესვეურები მკვლელები არიან, რომლებიც მოუთმენლად ელიან, როდის მოკვდება მიხეილ სააკაშვილი.
"დღეს არ არსებობს ადამიანი საქართველოში, რომელიც სოლიდარობას არ უცხადებს მოშიმშილე მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს. ერთადერთი ვინც სავსეა ზიზღითა და სიძულვილით და კვლავ ანთხევს ბოღმასა და გესლს, ეს არის ხელისუფლება. ეს არის არაკაცების ხელისუფლება, არაკაცებისაა ხელისუფლება, როდესაც ისინი 35 დღის განმავლობაში, 35 დღის მოშიმშილე მესამე პრეზიდენტს დასცინიან. არაკაცობაა, როდესაც შენ შეგიძლია შეჯიბრი გამართო ხელისუფლებაში, ვინ უფრო მწვავედ გააკრიტიკებს და დასცინებს ქვეყნის მესამე პრეზიდენტს. დიახაც, ისინი თითოეული მათგანი, არიან არაკაცები. არაკაცობაა ეს ყველაფერი, სხვა შეფასება ამას ვერ მიეცემა. ბიძინა ივანიშვილი, ღარიბაშვილი, კობახიძე, კალაძე და სხვები არიან ჩვეულებრივი მკვლელები, რომლებიც ხელებს იფშვნეტენ, თუ როდის მოკვდება და მოკლავენ ამ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს და როდის გადაისვრიან მთელ ქვეყანას, თავისი მოსახლეობით, დესტაბილიზაციის მორევში. ჩვენ ელემენტარულს ვითხოვთ ხელისუფლებისგან, ადამიანობას ვითხოვთ ხელისუფლებისგან", - თქვა ნიკა მელიამ.
ამასთან, ნიკა მელიას განცხადებით, 6 ნოემბრის აქცია, თბილისში თავისუფლების მოედნის ნაცვლად, რუსთავში მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან გაიმართება. მისივე თქმით, აქცია იქნება პერმანენტული და არ დაიშლებიან, ვიდრე მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
"ხვალ ჩვენ რუსთავის ციხესთან ძალიან ბევრნი უნდა შევიკრიბოთ და ეს აქცია იქნება პერმანენტული და მზარდი. ხვალიდან ვიწყებთ დარჩენით. დროდადრო ჩვენ შემოგვიერთდება ყველა პატრიოტი თანამოქალაქე და ყველა რეგიონიდან, ქალაქიდან და სოფლიდან და იქ ვიქნებით მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანენ სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში. ამიტომ ხვალ 5 საათზე რუსთავის ციხესთან ვიწყებთ აქციებს. დამატებით გეგმის კომპონენტებთან დაკავშირებით გაცნობებთ, ვინაიდან წინასწარ არ მაქვს სურვილი და არ გვაქვს სურვილი, ბიძინა ივანიშვილის დამნაშავე ხელისუფლებას ცხოვრება გავუადვილოთ, მაგრამ ხვალ, 5 საათზე ვიკრიბებით რუსთავში, მაგრამ არ ვიშლებით და პარალელურად შემოგვიერთდება მთელი საქართველო",- თქვა ნიკა მელიამ.