ნატოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის გრიგოლ მგალობლიშვილის მტკიცებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და რუსეთის ურთიერთობის გაუმჯობესება საქართველოს ხარჯზე არ მოხდება.
"სწორედ ის რეზოლუცია, რომელიც ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე ხვალ უნდა გავიდეს, არის მკაფიო სიგნალი და მნიშვნელოვანი გზავნილი იმისა, რომ ალიანსის ურთიერთობების გაუმჯობესება რუსეთთან არც ერთ შემთხვევაში საქართველოს ხარჯზე არ მოხდება", - განუცხადა მგალობლიშვილმა ჟურნალისტებს ვარშავაში, სადაც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესია იმართება.
ამასთან, ალიანსში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს იმედი აქვს, რომ ხვალინდელ სესიაზე ნატო რეზოლუციაში ასახულ "ყველა ღირებულებას და პრინციპს" დაეთანხმება.
შეგახსენებთ, რომ რეზოლუციის პროექტს, რომლის სახელწოდებაცაა "სიტუაცია საქართველოში", ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესია კენჭს 16 ნოემბერს დანიშნულ სესიაზე უყრის.