პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძის განცხადებით, "რეზოლუციის მიღება ყველაზე კარგი მხარდამჭერი ნაბიჯია, რომელიც ნატოს საპარლამენტო ასამბლეას საქართველოსთვის შეუძლია გადადგას". ამის შესახებ ბაქრაძემ ჟურნალისტებს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივი კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისი განმარტებით, ასამბლეა მზადაა საქართველოს მაქსიმალურად დაეხმაროს და ეს მზადყოფნა აღნიშნულ კომიტეტზე მისი სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ ღიად დაფიქსირდა.
"აუდიტორიის მხრიდან განწყობა დადებითი იყო. იგრძნობოდა დიდი მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან აქვს. იგრძნობოდა, რომ არსებობს მზადყოფნა, მაქსიმალურად დაეხმაროს საქართველოს და ამ მიმართულებით გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები", - განაცხადა ბაქრაძემ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა როგორც ქვეყნის შიდა, ისე საგარეო პოლიტიკურ კურსზე. აქცენტები გააკეთა ქვეყნის საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესებასა და საკონსტიტუციო ცვლილებებზე. ბაქრაძის მოხსენებაში დიდი ყურადღება დაეთმო საქართველო-ნატოს ურთიერთობებს, დევნილების საკითხს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და ამ რეგიონების მიმართ ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლების მიერ შემუშავებულ სტრატეგიას.
"შეიცვალა კონსტიტუცია და ქვეყანა პოლიტიკური მართვის ახალ სისტემაზე გადავიდა. ეს რეფორმა პოლიტიკური სტაბილურობისთვის იყო აუცილებელი, რადგან უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში საქართველომ სამი პრეზიდენტი გამოიცვალა და ვერთ ერთმა საპრეზიდენტო ვადა ვერ ამოწურა", - განმარტა ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, რომ რეზოლუციის პროექტს, რომლის სახელწოდებაცაა "სიტუაცია საქართველოში", ნატოს საპარლამენტო ასამბლეა კენჭს 16 ნოემბერს დაგეგმილ სესიაზე უყრის.